მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ, ენმ-ის წევრმა, ეკა ხერხეულიძემ დღეს გორში კომენტარიც კი ვერ გააკეთა და დღის ბოლოს სატელევიზიო ეთერში საჯაროდ განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დრამატულია და სასწრაფოდ სჭირდება გადარჩენა.
მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად ახლა მთავარ დატვირთვას თავის თავზე იღებენ სახალხო დამცველი, ცენტრი “ემპათია” და უკრაინელი დიპლომატები – საქართველოს ყველა ოფიციალურ უწყებას უახლოეს საათებში დაეგზავნება შესაბამისი მოთხოვნები არაადამიანური მოპყრობის შეწყვეტის მოთხოვნით. სტრასბურგის სასამართლოში იგეგემება ახალი საჩივრის გაგზავნა. უკრაინა კი პირდაპირ მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან რომ შეწყვიტოს მისი მოქალაქის წამება.
27 დეკემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გაყვანა იგეგმებოდა. იმავე დღეს მას შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ მესამე პრეზიდენტთან საღამოს საათებში შევიდნენ და აცნობეს, რომ ის კლინიკიდან უნდა გადაეყვანათ, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა. მოგვიანებით წერილი თავად მიხეილ სააკაშვილმაც გაავრცელა, რომელშიც მომხდარს დეტალურად აღწერდა. მისი თქმით, მასთან ფორმაში ჩაცმული პირები შევიდნენ და კლინიკიდან მისი გაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა.