2021 წლის განმავლობაში, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლადო კახაძემ არაერთი პოლიტიკოსი ადღეგრძელა. თუმცა, მისი “სადღეგრძელოების” ჩამონათვალში მხოლოდ ადამიანები არ მოხვედრილან, ჩამონათვალში აღმოჩნდა დედამიწა, პირბადე….
გთავაზობთ ჩამონათვალს:
8 თებერვალი – ადღეგრძელა თეა წულუკიანი, რომლის კანდიდატურაც კულტურის მინისტრის პოსტზე განიხილებოდა.
19 თებერვალი – “ქართული ოცნებისა” და მმართველი გუნდის წევრებთან შედარებით მსუბუქად, მაგრამ მაინც ადღეგრძელა ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია.
22 თებერვალი – მეორედ გაპრემიერების წინ, პარლამენტში, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და თქვა, რომ მას “რთული, წინააღმდეგობით აღსავსე ცხოვრება” ჰქონდა. ლადო კახაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა დასაფასებელია.
“თქვენ პირადად, ძალიან ნაყოფიერი, რთული, წინააღმდეგობით აღსავსე ცხოვრება გამოგატარათ ცხოვრებამ. ბევრი საქმის თაოსანი ბრძანდებოდით და არასოდეს ახალი ინიციატივების აღების შეგშინებიათ. მარტო ელიმინაციის პრობლემა რად ღირს ან ცეჰეპატიტის, მაშინ ძნელი გადასაწყვეტი იყო ეს. ზუსტად თქვენი ხელმოწერა ამშვენებს ევროასოცირების კავშირთან პირველ ნაბიჯებს, ვიზალიბერალიზაციას, თავისუფალი ვაჭრობის ელემენტებს, ნდობის ფაქტორის გაჩენას და დაგვირგვინდა, რომ ნატოსთან ურთიერთობის სამაგალითო ნიშნულზე აყვანილი ჯარი, როგორც ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსი, ისე საგანმანათლებლო და პროფესიული განათლება, ეს ყველაფერი დასაფასებელია”, – თქვა მაშინ კახაძემ.
16 მარტი – ადღეგრძელა დეპუტატები – “თქვენ ალმასები ბრძანდებით, მაგრამ წახნაგდებით და ჩვენ ერთმანეთს ვაწახნაგებთ“.
16 მარტი – “ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლად ყოფნის პერიოდში” – თქვა ლადო კახაძემ და მის მოწინააღმდეგეებს მოუწოდა – “რაც მეტს დაუპირისპირდებით, მით მეტ წარმატებას შექმნის”.
30 მარტი – ადღეგრძელა პირბადეც – “პირბადეს ნუ უგანებთ… ჰიგიენა, ხელის დამუშავება მნიშვნელოვანია“
“ციფრი, რომელიც დღეს გაჟღერდა – 673 გამომჟღავნება, ეს მატების ისეთი ნიშანია, რომელიც ჩვენგან ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. ვთხოვ მოსახლეობას, ასაკიდან გამომდინარე ზოგს, როგორც ბაბუა ისე ვთხოვ, ზოგს როგორც მშობელი და მეგობარი. პირბადეს ნუ უგანებთ… პირბადის გარეშე ნუ ივლით. გიგიენა, ხელის დამუშავება, აერაცია იმ სივრცის, სადაც თქვენ ღვაწობთ… ერთადერთი გზა ამ მდგომარეობიდან გამოსვლისა, არის ვაქცინაცია” – თქვა კახაძემ.
13 აპრილი – მისი მორიგი “სადღეგრძელო” უკვე დედამიწას მიეძღვნა – “საავადმყოფოს პალატაში წევს დედამიწა”…
“მტერი გვყავს დედამიწას დაუძინებელი, ეს არის კოვიდინფექცია და წელიწადნახევარი გავიდა და ჩვენი მეოხებით, ადამიანების მეოხებით, აღწევს წარმატებას ეს კოვიდი, ჩვენივე ჩართულობით. ყველამ კარგად უწყის, რომ ერთადერტ წყარო, რომელშიც ვირუსი მრავლდება უმოწყალოდ და არამარტო მრავლდება, ფორმას იცვლის, შტამებს იცვლის, ინგლისური შტამი გვაქვს, იქით არის ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული შტამი და კიდევ ვინ იცის, რამდენ სახეცვლილებას მოახდენს ეს ვირუსი და ჩვენვე გადაგვაქვს… ყველა პლატფორმა, უთო რომ ჩართო იქ უნდა იყოს ამაზე ლაპარაკი. ჩვენ დღეს ვართ დიდი გამოწვევის წინაშე, ჯერ საავადმყოფოს პალატაში წევს დედამიწა… წელიწადნახევარი გავიდა და ადამიანების მეოხებით აღწევს წარმატებას ეს კოვიდი” – თქვა კახაძემ.
11 ივნისი – თავადვე განაცხადა, რომ “პოლიტიკოსების მოსახმარი სიტყვა არ არის სადღეგრძელო“.
3 დეკემბერი – კიდევ ერთხელ ადღეგრძელა თეა წულუკიანი, ამჯერად უკვე კულტურის მინისტრის რანგში – “ხელი ჩამოვართვი ტანით მომცრო ასულს, მაგრამ მის ხელში ძალა ვიგრძენი“.
16 დეკემბერი – “ტრიბუნასთან იდგა ასული, რომლის გამოსვლა იყო იმედიანი და საქმიანი” – კახაძემ ამჯერად ნათია თურნავა ადღეგრძელა.
29 დეკემბერი – “ჩემო შალვა, განათლებულო, ჭკვიანო, დახვეწილო, მართალო, წრფელო…” – წლის ბოლოს კი კახაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ახლადდანიშნული შალვა პაპუაშვილი ადღეგრძელა.
ეს ლადო კახაძის 2021 წლის სადღეგრძელოების არასრული ჩამონათვალია. ვფიქრობთ, დეპუტატი კოლეგებს მომავალ, 2022 წელსაც, არერთი კეთილი სურვილითა და ქათინაურით გაანებივრებს.
ტვ მთავარი