რითი დაგვამახსოვრდება 2021 – წლის მთავარი მოვლენები

გასული 2021 წელი დასამახსოვრებელი არაერთი ფაქტით გახდება. წლის ყველაზე დასამახსოვრებელი პოლიტიკური მოვლენა თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა – საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში დაბრუნდა.

თუმცა მანამდე, მივყვეთ თემატურად და გავიხსენოთ ყველაფერი, რაც 2021 წელს მოხდა: 

კორონავირუსი

2021 წელი, ისევე როგორც მისი წინამორბედი, შეზღუდვებით დაიწყო. კომენდანტის საათი, ე.წ. “უქმე დღეები”, ჩაკეტილი ტრანსპორტი, შეზღუდული გადაადგილება, დაკეტილი რესტორნები და მაღაზიები… და, რა თქმა უნდა, პირბადე, რომელიც დღეს უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

წლის განმავლობაში, ქვეყანაში, შეზღუდვების შემსუბუქებისა თუ გაუქმების მოთხოვნით, არაერთი აქცია ჩატარდა, თუმცა უშედეგოდ. ხელისუფლებამ შეზღუდვების შემსუბუქება მხოლოდ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანისა და აცრების პროცესების დაწყებიდან რამდენიმე თვეში დაიწყო – დაწესებული კომენდანტის საათი ქვეყანაში მხოლოდ ივნისის ბოლოს, 30 ივნისს მოიხსნა. 13 სექტემბერს აღდგა ტრანსპორტის მოძრაობა, 1-ლი დეკემბრიდაბ კი რესტორნებს დაწესებული საათობრივი შეზღუდვა მოეხსნა.

წლის ბოლოს, საქართველოში, კორონავირუსის ახალი შტამი “ომიკრონი” გამოჩნდა, რომელიც წინა შტამებზე გაცილებით უფრო გადამდებია, თუმცა, შედარებით მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.

მეგი ბაქრაძის საქმე

18 მარტს, მაშინ, როცა ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სულ ახალი შემოტანილი იყო და აცრა მხოლოდ სამედიცინო სფეროში დასაქმებულებს შეეძლოთ, ახალციხის კლინიკა “იმედში” 27 წლის მედდა, მეგი ბაქრაძე აიცრა. ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. შსს-მ გამოძიება დაიწყო, საზოგადოებაში კი ვაქცინაციასთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა დაიწყო.

პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემის გამო ბრალი 3 ექიმს წარუდგინა, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. მოგვიანებით, ახალციხის კლინიკიდან ექიმები გაათავისუფლეს.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა

2021 წლის დასაწყისში, 11 იანვარს, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკიდან უკვე მეორედ წავიდა. “ჩემ მიერ დეკლარირებული თითქმის ყველა მიზანი, სტრატეგიულ დონეზე, მიღწეულია” – თქვა მან გავრცელებულ წერილში.

ნიკა მელიას დაკავება- გახარიას წასვლა და ღარიბაშვილის მოსვლა

მას შემდეგ, რაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, 2020 წლის ბოლოს სამაჯური მოიხსნა, ხელისუფლებამ მას 40 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა, რომლის გადახდის ვადაც მას 12 თებერვალს ამოეწურა.

“არ გადავიხდი და ვერ დამაკავებთ” – თქვა ნიკა მელიამ, “ოცნებამ” კი მისი დაკავების გეგმაზე მუშაობა დაიწყო, რის შემდეგაც, 18 თებერვალს, თანამდებობა მოულოდნელად პრემიერმა გიორგი გახარიამ დატოვა. თქვა, რომ ის ნიკა მელიას დაპატიმრების წინააღმდეგი იყო, გუნდში შეთანხმებას ვერ მიაღწია და ამის გამო გადადგა.

პარალელურად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მხარდამჭერების მობილიზაცია დაიწყო. პარტიის ცენტრალურ ოფისში ისინი ნიკა მელიას დასაცავად მუდმივად იმყოფებოდნენ და ღამეებსაც ათენებდნენ.

მთავრობაში კი ცვლილებები გრძელდებოდა. პრემიერის პოსტი ერთხელ უკვე გადაყენებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავა.

უკვე 23 თებერვალს კი, ღარიბაშვილის გაპრემიერებიდან სულ რამდენიმე საათში, გამთენიას, ენმ-ის ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, შენობაში ცრემლსადენი გაზი გაუშვა და ნიკა მელია ძალადობრივი მეთოდებით დააკავა

ენმ-ის თავმჯდომარე 10 მაისს, საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა. თუმცა მანამდე, საქართველოში არაერთი პოლიტიკური მოვლენა განვითარდა:

შარლ მიშელი – 19 აპრილის შეთანხმება

28 თებერვალს ქვეყანაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოვიდა. საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გასაცნობად ის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. შეიმუშავეს განსახილველი 6 საკითხიც:

  1. ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
  2. კანონის უზენაესობა/მართლმსაჯულების რეფორმა;
  3. პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების საკითხი/პატიმრების პრობლემა;
  4. პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილება;
  5. შესაძლო ვადამდელი არჩევნები/ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება;
  6. ფასილიტაცია/მედიაცია/ამ საკითხების მარტში განხილვა.

9 მარტს, შარლ მიშელმა საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი
გამოგზავნა
. ოპოზიციასა და მმართველი პარტიის წევრებთან ყოველდღიურ რეჟიმში გამართული კონსულტაციების შემდეგ, მხარეებმა ერთობლივი დოკუმენტიც მიიღეს, რომელსაც “ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი ორბელიანების სასახლეში 19 აპრილს მოაწერეს.

ეს დოკუმენტი 28 ივლისს “ქართულმა ოცნებამ” ანულირებულად გამოაცხადა, “ნაციონალური მოძრაობა” კი შეთანხმებას 2 სექტემბერს შეუერთდა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ სწორედ შარლ მიშელის ჩართულობის შემდეგ გაათავისუფლა სასამართლომ პატიმრობიდან ნიკა მელია, მანამდე კი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 27 აპრილს გიორგი რურუა შეიწყალა.

“სადამსჯელო ოპერაცია” FB-კომენტარებისთვის – ბერას, ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერები

6 მარტს, TV პირველმა გაავრცელა სატელეფონო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლის მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ. საუბარში მონაწილეობდა სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი ანზორ ჩუბინიძეც.

ჩანაწერით ირკვევა, რომ ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს გეგმის შესრულების შემდეგაც უკავშირდება და უყვება, რომ ჩუბინიძის რაზმმა სკოლის მოსწავლე ისე შეაშინა, რომ კომენტარის გამო ბოდიშის მოხდაც აიძულეს. ბერა ივანიშვილი ამბობს იმასაც, რომ ანგარიშსწორების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცოდა.

სატელეფონო ჩანაწერში, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს სატელეფონო ზუმერზე “ტრი-ს” დაყენებას სთხოვს.

– “ტრი დაიყენე ზუმერად.. რო დაგირეკავენ მინისტრები და ეგ რო ჩაირთვება.. დაიყენე რა ტრი რაა..
– დავიყენებ ძმაო, მკიდია, კიდევაც დამირეკონ”, – 
ისმის ჩანაწერში. 

ხმაური ჭყონდიდის ეპარქიაში

წლის დასაწყისი ხმაურიანი აღმოჩნდა ჭყონდიდის ეპარქიისთვისაც – დაპირისპირება იყო როგორც ახლადდანიშნულ მიტროპოლიტ სტეფანესა და მის წინამორბედს, მეუფე პეტრეს, ისე მათ მრევლს შორის.

მიტროპოლიტი სტეფანე ემუქრებოდა ყველა იმ სასულიერო პირს, ვინც მეუფე პეტრეს პოზიციებს იზიარებდა. მის წინააღმდეგ გამოსულ მღვდლებს “ბოლო გაფრთხილებაც” მისცა და თქვა, რომ ეპარქია მათ წინააღმდეგ ეკლესიურ მეთოდებსაც გამოიყენებდა.

მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა არაერთ სასულიერო პირს, მათ შორის მამა ათინოგენეს, დედა სოსანას, ასევე, 10 სასულიერო პირსა და “ამბოხში” მონაწილე პირებს ზიარება აუკრძალა

5 ივლისის ძალადობა

მას შემდეგ, რაც Tbilisi Pride-მა 5 ივლისს ღირსების მარში დააანონსეს, პრემიერმა ღარიბაშვილმა აგრესიულ ჯგუფებს პირდაპირ მწვანე შუქი აუნთო და თქვა, რომ რუსთაველის გამზირზე ეს მარში არ უნდა გამართულიყო. მოძალადეებმა განსაკუთრებული მობილიზაცია დაიწყეს. მათ სასულიერო პირების ნაწილიც შეუერთდა – აგრესიული ჯგუფების გეგმებიც სწორედ მათი მითითებების შესაბამისად იცვლებოდა. მთავარი ეპიცენტრი კი მაინც დედაქალაქის სამთავრობო კვარტალი იყო, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში, ვითარება უკონტროლო იყო.

შემთხვევის შედეგად 40-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. მოვლენებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც რამდენიმე წუთის განმავლობაში არაერთი პირი ურტყამდა. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა. 11 ივლისს დილით ის საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა.

შსს-მ გარდაცვალების შემდეგ, ლექსოს წინააღმდეგ შავი კამპანია აწარმო და საზოგადოებას სასტიკად ნაცემი ოპერატორის გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკის ზედოზირების ვერსია მიაწოდა

ამ დროისთვის ლექსო ლაშქარავას ცემისთვის 4 პირია დაკავებული, თუმცა ისევ თავისუფლები არიან 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები. მეტიც, “ალტ-ინფოს” წარმომადგენლებმა საკუთარი პარტიაც კი დაარეგისტრირეს.

შანე ბრუკის მკვლელობა

ავსტრალიელ ქალს, შანე ბრუკის თბილისში 2021 წლის 30 ივლისიდან ეძებდნენ. მასწავლებლის
ცხედარი 31 ივლისს იპოვეს. მეგობრების თქმით, ბოლო საუბრის დროს ის ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, რაც თავიდანვე საფუძვლიან ეჭვს აჩენდა, რომ მას თავს დაესხნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. 
მოგვიანებით, 40-დღიანი ძებნის შემდეგ, შანე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს.

საქართველოში მოკლეს კიდევ ერთი ტურისტი, თომას კენედი… 

28 წლის ახალგაზრდა ხელოვანი, ბრიტანელი მუსიკოსი თომას კენედი, რომელიც ერთ-ერთ მუსიკალურ კოლეჯში სწავლობდა, საქართველოში 30 აგვისტოს ტურისტად ჩამოვიდა.

7 ოქტომბერს, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, ბიჭი გვირაბში ცოცხალი მუსიკის მოსასმენად გაჩერდა. ადგილობრივებმა სასმელზე დაპატიჟეს, მასაც უარი არ უთქვამს. თავადაც მუსიკოსმა მოგვიანებით, რამდენიმე პირთან ერთად, კაფეში გადაინაცვლა. რამდენიმე საათის შემდეგ კი მას სასტიკად გაუსწორდნენ, სცემეს და უგონო მდგომარეობაში მტკვარში გადააგდეს. თავდამსხმელებმა ტურისტი გაძარცვეს კიდეც.

მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს შორისაა მუსიკოსი ვასილ ოქროპირიძე, რომელსაც გამოძიება მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ოჯახი კი ამტკიცებს, რომ 23 წლის ბიჭს, მიწისქვეშა გადასასვლელი არ დაუტოვებია და მკვლელობის შესახებაც არაფერი იცოდა.

საბოლოოდ, ცხედარი მტკვარმა 8 ოქტომბერს სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა, თუმცა საქმის ფიგურანტები ამ დრომდე მაინც დუმილის უფლებას იყენებენ.

სუს-ის კრებსები ივანიშვილისთვის

2021 წლის 1 აგვისტოს, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ნიკა გვარამიამ წაიკითხა სუს-იდან მოპოვებული ოპერატიული კრებსი, სადაც საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ პირად ცხოვრებაზე. ყველა ეს ინფორმაცია 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდსა და მიმდინარე წელს ასახავს.

აქვე, საუბარია კონკრეტული პოლიტიკოსებისა და თანამდებობის პირების პირად საუბრებზე, სადაც ისინი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს განიხილავდნენ. ცნობილი გახდა, რომ სუს-ი უსმენდა საელჩოების წარმომადგენლებსაც. საუბარია კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებზეც.

სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაცია და წარსული – მორიგი ჩანაწერები სუსიდან

13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. დოკუმენტებში, რომლებიც, სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა, კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება პირდაპირ იყო აღწერილი.

განსაკუთრებული აქცენტი  მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ გაკეთდა.

დოკუმენტებში საუბარი შეეხო პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს, მოსაყდრე შიოს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ანდრია ჯაღმაიძესა და პატრიარქთან დაახლოებულ სხვა პირებს.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა

15 სექტემბერს, თბილისში, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიას კლინიკაში გარდაიცვალა.

27 დეკემბერს კი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა ბრალდებულმა აკო ჭელიძემ სასამართლო პროცესზე აღიარა და განმარტა, რომ თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს –“ეს დანაშაული ჩემი ჩადენილია”.

მეორე ბრალდებული გიორგი კავილაძე კი თავს წარდგენილი ორი ბრალდებიდან არც ერთში დამნაშავედ არ მიიჩნევს. კავილაძემ გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მხოლოდ სასამართლოს ენდობა. მისივე თქმით, მისი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ “მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა”.

ხმაური დმანისში

21 სექტემბერს, დმანისში, სოფელ განთიადში, ოპოზიციის მერობის კანდიდატი გიორგი ტატუაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ხვდებოდა, რა დროსაც ადგილზე მმართველი გუნდის მხარდამჭერები მივიდნენ და მათ დაუპირისპირდნენ. დაიჭრა “ნაციონალური მოძრაობის” ორი მხარდამჭერი. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ დავით დაუთაშვილი დააკავა, რომელიც “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ დაუთაშვილის შვილია.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლის გეგმასთან
დაკავშირებით 27 სექტემბერს ისაუბრა. თქვა, რომ 2 ოქტომბრისთვის ნაყიდი ჰქონდა ბილეთიც.

თუმცა, რამდენიმე დღეში, 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 1 დღით ადრე Facebook-ზე დაპოსტა და გაავრცელა ვიდეოები და თქვა, რომ
ბათუმში იმყოფებოდა.

მიხეილ სააკაშვილი მთელი დღის განმავლობაში Facebook-ზე ავრცელებდა ფოტოებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, თუმცა, მიუხედავად ამისა, “ოცნების” წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ის იტყუებოდა და კურორტ ტრუსკავეცში იმყოფებოდა. საბოლოოდ, “ოცნებას” მაინც მოუხდა აღიარება, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მართლაც ჩამოვიდა – დღის ბოლოს პრემიერმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას მესამე პრეზიდენტის დაკავების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მას შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ჯერ რუსთავის, შემდეგ კი გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილს გლდანში ძალის გამოყენებით ექცეოდნენ – ამას მოწმობს პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებიც, სადაც ასახულია, როგორ გადაჰყავთ მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში, სადაც ის რუსთავიდან მოტყუებით წაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 50 დღის განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა, ასევე, საზოგადოების წევრებმა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით არაერთი აქცია გამართეს. თუმცა, ოცნების ხელისუფლებამ ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების შემდეგ, 19 ნოემბერს გადაიყვანა. უკვე 29 დეკემბერს კი, გვიან ღამით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გაიტაცეს და ისევ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა 21 დეკემბერს უვადო შიმშილობაც დაიწყეს. პარტიის ცენტრალური ოფისის ეზოში გაშლილ კარვებში 200-ზე მეტი პირი შიმშილობს, მათ შორისაა ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია.

არჩევნები 2021

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოში ხმაურისა და დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. პროცესს აკვირდებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღნიშნეს რომ არჩევნები ზეწოლის, მოსყიდვისა და დაშინების, ასევე ფიზიკური ანგარიშსწორების ფონზე ჩატარდა.

ხელისუფლებამ მხოლოდ წალენჯიხაში აღებული ხმები ვერ მიითვისა – აქ ოპოზიციის კანდიდატმა გია ხარჩილავამ გაიმარჯვა და ეს აღიარა “ოცნებამაც”.

მანამდე კი, წინასააარჩევნოდ, 23 სექტემბერს, ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” თავმჯდომარეები, ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე დაუპირისპირდნენ. ხმაური ევროკავშირის ოფისთან მას შემდეგ დაიწყო, რაც მელიამ კობახიძეს დმანისის ინციდენტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.

ტრაგედია ბათუმში

უმძიმესი ტრაგედია ბათუმში – 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად ნანგრევებში 10-ზე მეტი ადამიანი მოყვა.

მომხდარიდან მალევე მაშველებმა ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ბავშვი გამოიყვანეს, რომელიც კორპუსთან მდგომ ავტომობილში იმყოფებოდა. რაც შეეხება უშუალოდ შენობაში მყოფებს, მაშველებმა 10 მათგანის პოვნა შეძლეს, საიდანაც 8 უკვე გარდაცვლილი იყო. გარდაცვლილებს შორის 3 ბავშვია.

2 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ერთი მათგანი, 35 წლის ქალი მეორე დღეს
გარდაიცვალა. ის სამედიცინო დაწესებულებაში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს. ქალს ღამის განმავლობაში გული 5-ჯერ გაუჩერდა. გაირკვა, რომ ნანგრევებში ნაპოვნი ორი გარდაცვლილი ბავშვი სწორედ მისი შვილები იყვნენ.

მომხდარი ტრაგედიის გამო, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

პროტესტი ნამახვანჰესის აშენებას

რიონის ხეობის მცველები ნამახვანჰესის აშენებას ასობით დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ. აქტივისტებს გუმათის ორივე შესასვლელი გადაკეტილი ჰქონდათთ და კომპანია “ენკას” ტექნიკას ადგილზე შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ადგილზე პროცესები არაერთხელ დაიძაბა, იყო დაკავებებიც. ვარლამ გოლეთიანი და მისი თანამოაზრეები ხვდებოდნენ ეკონომიკის მინისტრს, პრემიერის წარმომადგენელს და ცდილობდნენ, ინვესტორს პროექტის განხორციელება ვერ მოეხერხებინა.

მოგვიანებით, კომპანია ENKA-მ მთავრობასთან ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც, როგორც ეკონომისტები ამბობენ, ქვეყანაში თითქმის მილიარდი დოლარის დანაკლისი მოჰყვება. ისინი ჰესის შეჩერებას ერთ-ერთ უდიდეს ჩავარდნად აფასებენ, რომელიც გლობალურ გავლენას მოახდენს ქვეყნის მდგომარეობაზე ახლაც და მომავალშიც.

2021 წელს არაერთი გამორჩეული ქართველი დავკარგეთ, მათ შორის არიან:

  • ძიუდოისტი დავით ხახალეიშვილი,
  • ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური,
  • მსახიობი მამუკა ლორია,
  • მომღერალი თემურ წიკლაური,
  • მსახიობი და რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი,
  • მომღერალი ზურა დოიჯაშვილი,
  • საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა პაპა (ვანიშვილი),
  • ანსამბლ “რუსთავის” დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი,
  • მწერალი გურამ დოჩანაშვილი,
  • პოეტი ზურაბ რთველიაშვილი,
  • მსახიობი კახი კავსაძე,
  • ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტი Kazzy Jazz,
  • მსახიობი მარინა ჯანაშია,
  • საერთაშორისო ჟურნალისტი მელორ სტურუა,
  •  მწერალი და რეჟისორი რეზო გაბრიაძე,
  • ჟურნალისტი კობა ალხაზაშვილი,
  • “ქართული ხმების” სოლისტი ზურა ბაკურაძე,
  • “ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა,
  • პირველი არხის ჟურნალისტი ეკა ეგაძე,
  • დინამო ბათუმის აკადემიის ფეხბურთელი, დიმა შიტაკაშვილი,
  • პოეტი და პროზაიკოსი გივი ალხაზიშვილი,
  • მხატვარი დიმიტრი ერისთავი,
  • ქართველი მეცნიერი, პოლიტიკოსი და ფილოლოგი თამაზ კვაჭანტირაძე,
  • მწერალი ვაჟა შაქარაშვილი,
  • მეან-გინეკოლოგი ლადო ბიბილეიშვილი,
  • მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი,
  • ნეკრესელი მიტროპოლიტი, მეუფე სერგი,
  • ცნობილი ტელეწამყვანი დავით სოლოკოვი,
  • კინოსა და თეატრის მსახიობი, ამირან ქადეიშვილი,
  • ბუბა კიკაბიძის მეუღლე, ირინე ქებაძე,
  • ცნობილი დიპლომატი, მწერალი და პუბლიცისტი გელა ჩარკვიანი,
  • რეჟისორი ერმალო მაღრაძე,
  • ანსამბლ “ერისიონის” ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი.

ტვ მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share