სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელმა რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილი გამოკითხა. მესამე პრეზიდენტს კითხვები გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაუსვეს
„მიხეილ სააკაშვილი გამოიკითხა გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და დეტალური ინფორმაცია მივიღეთ მისგან აღნიშნული საკითხის თაობაზე. ყველა კითხვა დავუსვით, რაც შეეხებოდა გორის ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებს. ვინც იქნება შემხებლობაში და ვისაც რელევანტური ინფორმაცია ექნება საქმესთან დაკავშირებით ყველა პირი იქნება გამოკითხული.
მიმდინარე საქმეზე გამოკითხულია არა მარტო ექიმები, არამედ 150-მდე პირი, როგორც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, ასევე სხვა საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები.
კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე იყო ბარიერი, თუმცა ღია კარს მიღმა იყო და შეფერხება არ გვქონია“, – განაცხადა ვასილ კაკაშვილმა.
ადვოკატის ინფორმაციით, შეკითხვები ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ იძულების ღონისძიების რამდენჯერმე გამოყენების ფაქტს.
“მივაწოდეთ ამომწურავი და სრული ინფორმაცია, რაც შეგვეძლო ამ ფაქტთან დაკავშირებით და იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორი ამ საკითხს დაჩქარებულ ვადებში განიხილავს და რაღაც შედეგი ექნება“, – თქვა შოთა თუთბერიძემ.