რომელია ყველაზე გავრცელებული შობის ტრადიციები საქართველოში?!

შობა-ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად ხვდებიან. ეს ორი დღესასწაული  ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული.

დღესდღეობით შობას საქართველოში უფრო მშვიდ გარემოში აღნიშნავენ. ამ დღესასწაულს ყველა საშობაო ალილოთი ეგებება.საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს.

საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული იყო ტრადიცია , რომ მამაკაცებისგან შემდგარი გუნდი ჩამოივლიდა უბნებს და სიმღერით ულოცავდა შობის დღესასწაულს მოსახლეობას. მახარობლებს ოჯახის დიასახლისი ჩურჩხელით, ხილით და სხვადასხვა პროდუქტით ასაჩუქრებდა.

მოგვიანებით მამაკაცები ბავშვებმა შეცვალეს. ძღვენს კი ჩურჩხელასთან ერთად დაემატა ფული და სხვა სახის ტკბილეული.

საქართველოში საშობაო და საახალწლო სუფრაზე სხვადასხვა კუთხეში მისთვის დამახასიათებელ სადღესასწაულო კერძებს ამზადებენ. თუმცა ყველაზე გამორჩეული დღემდე არის საშობაო ღვეზელი,იგივე გურული ღვეზელი. ამ დღეს შობის მარხვა სრულდება და მარხულთა უმეტესობა სწორედ,რომ  საშობაო ღვეზლით იხსნილებს. როცა ოჯახის წევრები ტაძარში ეგებებიან შობის დღესასწაულის მობრძანებას, ოჯახის ერთი წევრი მაინც სახლში რჩება და საშობაო ღვეზლის მომზადებას იწყებს.

დასავლეთ საქართველოში  ასევე ცნობილია შობას, ჩიჩილაკის დადგმის ტრადიცია.

იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში ეს მორთულობა მცირე დეტალებით განსხვავდება ერთმანეთისგან. ცნობილია, რომ მას თხილის ტოტებისგან თლიან. არის ასეთი გადმოცემა, რომლის მიხედვითაც თხილი კაკალთან ერთად ერთ-ერთ ყველაზე მოსავლიან მცენარედ ითვლებოდა, შესაბამისად, ამიტომ თლიდნენ ჩიჩილაკს თხილის ხისგან და ზედ ჩამოკიდებული სხვადასხვა ხილი და ტკბილეულიც ბარაქისა და ულევი სიტკბოების სიმბოლოდ აღიქმებოდა. ჩიჩილაკს სხვანაირად ,,ბასილას წვერს” ეძახიან. იგი წმინდა ბასილ დიდის სახელს უკავშირდება. ნათლისღების წინა დღეს ჩიჩილაკს ცეცხლზე წვავდნენ.

შობის დღესასწაულის ტრადიციებს შეემატა,ბოლო პერიოდში, შობის ღამეს ფანჯრის რაფებზე სანთლების ანთება,რაც მაცხოვრის დაბადების სიმბოლოა. ტრადიციას საფუძველი საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ჩაუყარა.

მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს.

editori.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share