საქართველოში ახალი კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტების შემოტანა იგეგმება, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლებელია, ქვეყანამ „ფაიზერის“ მიერ დამზადებული და უკვე ავტორიზებულ მედიკამენტიც მიიღოს.
„ბოლო პერიოდში, ძალიან აქტიური დისკუსია და მოლოდინია ახალ, უკვე, კონკრეტულად კოვიდის საწინააღმდეგო ანტივირუსულ მედიკამენტებთან დაკავშირებით. მათ შორის, ერთია „მერკის“ (Merck) მიერ წარმოებული „მოლნუპირავირი“ (Molnupiravir) , რომელიც უკვე გამოიყენება რამდენიმე ქვეყანაში. მან მიიღო ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტოს ავტორიზაცია. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. კლინიკურმა ჯგუფმა მხარი დაუჭირა მედიკამენტის გარკვეული რაოდენობის შესყიდვას და ვფიქრობთ, რომ როგორც კი შესყიდვის პროცედურა დასრულდება, ის ხელმისაწვდომი იქნება ქვეყანაში“, – აცხადებს გაბუნია.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში ომიკრონით ინფიცირების 423 შემთხვევაა აღრიცხული.