“ლექსო ლაშქარავა ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა”, – შსს სამხარაულის დასკვნას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზთან დაკავშირებით ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნას ასაჯაროვებს. როგორც დოკუმენტში წერია, ლაშქარავას გარდაცვალება ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებულმა გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობამ გამოიწვია, ხოლო ის დაზიანებები, რომლებიც მას სიცოცხლის დროს ჰქონდა მიყენებული, კავშირში არ არის დამდგარ შედეგთან.

უწყებამ დოკუმენტი იმავე დღეს გამოაქვეყნა, როდესაც იუნესკომ ლაშქარავა 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა. შსს-ში აცხადებენ, რომ მათ ეს დასკვნა ჯერ კიდევ 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღეს და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს დაურთეს.

“გვამის სასამართლო სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით, მოქ. ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა (ინექციის უბნები ორივე საზარდულის მიდამოში).

გვამს აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: სისხლნაჟღენთი მარცხნივ თვალბუდის მიდამოში, მარცხენა თვალბუდის მედიალური კედლის (ცხავის ძვლის აიროვანი უჯრედები) მარცხნივ თვალბუდის ფსკერის (ზედაყბის ძვალი) თვალფრაგმენტული მოტეხილობით და ჰემოსინუსიტით, სხეულზე სისხლაჟღენთები და ნაჭდევები. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებით – თავის ტვინის შერყევა, რქოვანას ტრავმული ეროზიო. თვალის კაკლის კომოციო, დაზიანებები ხადაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან მოქ. ალექსანდრე ლაშქარავას სტაციონარში მოთავსების თარიღს (2021 წლის 05 ივლისს)

დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს დაზიანებები ერთობლიობაში აღებული ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან”. – ვკითხულობთ დასკვნაში.

ლექსო ლაშქარავა 2021 წლის 5 ივლისს, ღირსების მარშის კონტრაქციის გასაშუქებლად იმყოფებოდა, როდესაც  აქციის  მონაწილეებმა სასტიკად სცემეს. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, 11 ივლისს დედამ ის სახლში გარდაცვლილი იპოვა. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share