ყაზახეთის სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინდელი მონაცემებით, შეტაკებების შედეგად გარდაცვლილია 18 სამართალდამცველი და 26 “შეიარაღებული კრიმინალი”.
დაკავებულია 3800-ზე მეტი ადამიანი.
ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში, ალმატიში მყოფი ჟურნალისტები ყვებიან, რომ ქუჩებში ტყვიებით დაცხრილული გვამები წვანან და მუდმივად ისმის სროლის ხმა.
ტოკაევმა განაცხადა, რომ ალმატიში სიტუაცია “დასტაბილურდა” :
“თუმცა ტერორისტები განაგრძობენ სახელმწიფო და პირადი საკუთრების დაზიანებას, ისინი იყენებენ იარაღს მოქალაქეების წინააღმდეგ. სამართალდამცველებსა და ჯარს მივეცი ბრძანება, დახოცონ ისინი გაფრთთხილების გარეშე,” – განაცხადა პრეზიდენტმა.
CNN-ის ჟურნალისტის თქმით, მთავრობა ალმატის ცენტრს აკონტროლებს, სადაც პრეზიდენტის რეზიდენტია და მერის ოფისია. აქ სამი დიდი სამხედრო საგუშაგო მოაწყეს. მათთან ვინმეს მიახლოებისას სამართალდამცველები ჰაერში ისვრიან.
ადამიანები კი, ვისაც ტოკაევი ტერორისტებს უწოდებს, CNN-თან ამბობენ, რომ კრიმინალთან კავშირი არ აქვთ :
“ადამიანებს სჭირდებათ სიმართლე. მთავრობა მდიდარია, ამ ადამიანებს კი ვალები აქვთ დასაფარი. ჩვენი ტკივილი გვაქვს,” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
არეულობის გამო ალმატის საერთაშორისო აეროპორტი 9 იანვრამდე დაკეტილი იქნება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფრენები დედაქალაქიდან, ნურსულთანიდან აღდგა.