ხაბეიშვილი გაზრდილ ფასებზე: მასობრივი სახალხო გამოსვლები უნდა დაიწყოს ქვეყანაში

ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ გაზრდილ გასებთან და კომუნალურ გასაზადებთან დაკავშირებით, ქვეყანაში მასობრივი სახალხო პროტესტი უნდა დაიწყოს.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების შესაცვლელად მხოლოდ არჩევნებზე მისვლა აღარ არის საკმარისი, რადგან მმართველი გუნდი “მოსახლეობას ხმებს პარავს”.

“აღარ არის საკმარისი არჩევნებზე მისვლა და ნების გამოხატვა, იმიტომ რომ გვპარავენ ხმებს. არჩევნების გზით აღარ გამოდის, ამიტომ მეტი აქტიურობა გვმართებს. მასობრივი სახალხო გამოსვლები უნდა დაიწყოს მთელ საქართველოში, რომელსაც უნდა გადავაყოლოთ ეს ხელისუფლება”, – განაცხადა ხაბეიშვილმა ტვ პირველის ეთერში.

მან გაზრდილ ფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობას ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრება გაუძვირდა, თუმცა ხელფასები არ გაზრდილა.

“რამდენიმე ფაქტორია დენის გაძირების, მათ შორის ლარის კურსი. ლარის კურსი ვისი ბრალია?! 2012 წელს მოვიდნენ ხელისუფლებაში – 1.6 იყო დოლარის ფასი, ახლა არის 3.1. ის რომ დოლარის კურსი იცვლება და მიბმულია ტარიფზე ვხვდებით, მაგ ვინ მიიყვანა ეკონომიკა აქამდე?! ეს ხალხი რომ არ იყოს ხელისუფლებაში შესაძლებელია… ციხეში ყავთ გამოკეტილი კაცი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, თავისუფლებაზე ყოფნის პირობებსდი მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოტანა შეუძლია – ეს მიხეილ სააკაშვილია. 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მინიმუმ ამ წუთას გვიზის ციხეში. ეს ინვესტიცია კიდე ნიშნავს ეკონომიკის გაუმჯობესებას….

ისინი საზ.ტრანსპორტით არ დადიან. მიდიან წინანდალში 5-ვარსკვლავიან სასტუმროში და ერთ ღამეში იხდიან 500 ლარს და ნახევარ მილიონს ხარჯავენ რესტორანში. მათ არ იციან რომ ტრანსპორტი გაძვირდა, მაგათ არ გაძვირებიათ. დადიან მანქანებით, რომლებსაც ჩვენ ვყიდულობთ, საწვავს ჩვენ ვუსხამთ. 20 პროცენტი ცხოვრობს სათათბურე პირობებში დანარჩენი 80 პროცენტის ხარჯზე, რომელიც ყოველდღიურად შრომობს”, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერდნენ, რომ კომუნალურებზე ორი ქვითარი და გაზრდილი გადასახადები მოუვიდათ. გარდა ამისა, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სააბონენტო სისტემა ამოქმედდება. შედეგად, ერთჯერადი, ერთი სახეობის ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდება და ღირებულება 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი გახდება. მისი გადახდა მგზავრს შეეძლება, როგორც ძველებურად, საბანკო ბარათებით, ისე, ახალი სააბონენტო ბარათითაც. ავტობუსებში მგზავრობა ნაღდი ფულითაც იქნება შესაძლებელი.

ამასთან, 1-ლარიანი სააბონენტო ბარათი იქნება ულიმიტო 90 წუთის განმავლობაში და იმოქმედებს სამივე სახეობის [მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი] ტრანსპორტში.

სააბონენტო სისტემის ფასები იქნება:

  • ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი -1 ლარი;
  • ულიმიტო 1-დღიანი ბარათი – 3 ლარი;
  • ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი – 20 ლარი;
  • ულიმიტო 1-თვიანი – 40 ლარი;
  • ულიმიტო 3-თვიანი ბარათი – 100 ლარი;
  • ულიმიტო 6-თვიანი ბარათი – 150 ლარი;
  • ერთწლიანი ბარათი – 250 ლარი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share