ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილის მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან უნდა წავიდეს. როგორც მან „რეზონანსთან” განაცხადა, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ექსპრეზიდენტი ციხეში ახალ ეკონომიკურ პროგრამას წერს და მისი მხარდამჭერები დაუმორჩილებლობის ჯგუფებს ქმნიან, საზოგადოების დიდი უმრავლესობა სერიოზულად არ აღიქვამს.
სააკაშვილი პოლიტიკიდან საერთოდ უნდა წავიდეს, ეს იქნება ყველზე კარგი სტრატეგია, თუ ის მართლა სახელმწიფოზე ფიქრობს და არა თავის თავზე. სჯობს ქართველ ხალხს თავი თავადვე დაავიწყოს, ვიდრე ხალხი დაივიწყებს. წავიდეს, თავი დაგვანებოს და მაშინ „ოცნება” ჩამოიშლება. დღეს „ქართული ოცნება” სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაშია დაფუძნებული, ის ყველაფერს იმით ამართლებს, რომ სააკაშვილი და ტერორი დაბრუნდებაო, შურს იძიებნო…
„ენმ რამდენადაც შეიძლება რომ დაშლილიყო, დაიშალა, ისევე, როგორც „ოცნება”. თუ სააკაშვილი მართლა პატრიოტია, მან ეს უნდა გააკეთოს და წავიდეს, სხვა ყველაფერი წვალება და წინ ვერწასვლა იქნება. ამის შემდეგ იძულებული გახდება „ოცნება”, რომ ქვეყნისთვის რაღაცეები გააკეთოს. სანამ სააკაშვილი პოლიტიკაში იქნება, მანამდე „ოცნება” არაფერზე პასუხს არ აგებს, ყველაფერს ენმ-ს დააბრალებს, სააკაშვილს კი ამდენი ჭკუა არ ჰყოფნის,” – განაცხადა ზაქარეიშვილმა.