“ცვლილებების აუცილებლობა განპირობებულია იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს “ნაციონალური მოძრაობა” და ქვეყანა დგას” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს.
მისი თქმით, პროცესი, რომელიც დღეს პარტიამ დაიწყო, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.
რაც არ უნდა ორგანიზებული პოლიტიკური ძალა არსებობდეს, რაც არ უნდა პოლიტიკურად შემართული იყოს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა, გარკვეული, განსაზღვრული დროის შემდეგ მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების განახლება, პოლიტიკურ პარტიაში გადანაცვლებები იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამ ქვეყნის და ამ სახელმწიფოს საკეთილდღეოდ. რა თქმა უნდა, ცვლილებების აუცილებლობა განპირობებულია იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს “ნაციონალური მოძრაობა” და ქვეყანა დგას. პროცესი, რომელიც დღეს დავიწყეთ, გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, – ამბობს ნიკა მელია.
ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია ხდება, მისი მოადგილის პოზიციას კი აკაკი მინაშვილი დაიკავებს. გარდა ამისა, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღმასრულებელი მდივანი პეტრე ცისკარიშვილი გახდეს.
ასევე, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე აღარ იქნება ზალიკო უდუმაშვილი და ამ ფუნქციას პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია შეითავსებს.