მიხვდა, რომ არჩევნებს აგებს და დარდობს – ოპოზიცია ივანიშვილის წერილს აფასებს

ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის ახალმა წერილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაახსენა. მათი თქმით, ივანიშვილი ახლაც გრძნობს, რომ მარცხდება და ცდილობს დარჩენილი მხარდამჭერები გაამხნევოს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ხატია დეკანოიძის თქმით, წერილი და პროცენტებზე საუბარი ორი რამის მაჩვენებელია:

პირველი, მან კარგად იცის, რომ მარცხდება და ადამიანის და მოქალაქეების ნება როგორია – ივანიშვილის განდევნა ხელისუფლებიდან. მეორე, ცდილობს გამოვიდეს და დარჩენილი ამომრჩეველი, ძალიან მცირე, გაამხნევოს. მე მინდა მას ვუთხრა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილი რას იტყვის, ხალხს მისი არცერთი სიტყვის არ სჯერა, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

“ევროპული საქართველოს” დეპუტატის, სერგი კაპანაძის თქმით, “ოცნებამ” ძალიან კარგად იცის, რომ ხელისუფლებას კარგავს.

ივანიშვილის ასეთი წერილი ნიშნავს, რომ ისინი ამაზე დარდობენ და ძალიან სწორადაც, რადგან რამდენიმე კვირა დარჩა, რომ მათ დაკარგონ ხელისუფლება, – თქვა სერგი კაპანაძემ.

“ქართული ოცნება” ოპოზიციის ამ შეფასებას არ ეთანხმება. პარლამენტის პრეს-სპიკერის, კახა კუჭავას, თქმით “ოცნება” უმრავლესობაში იქნება და ყველგან დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა სპეციალური განცხადება გუშინ, 8 ოქტომბერს გაავრცელა. მან დაწერა, რომ 31 ოქტომბერს “ქართული ოცნება” არჩევნებში დამაჯრებლად, 63%-ით გაიმარჯვებს. ივანიშვილმა ძალადობაში და რადიკალურ ქმედებებში ოპოზიცია დაადანაშაულა და თქვა, რომ პირადად ის, ყველანაირ ძალადობას ემიჯნება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share