დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში, საკლასო ოთახებში მასწავლებლებისთვის არც მაგიდებია შეძენილი და არც სკამები: “ბავშვების მერხებს ვიყენებთ სამუშაოდ, რა ვქნათ, მაგიდები ვერ მოიტანეს ამდენი ხანი ჩვენთვის” – გვითხრა ნასაკირალის სკოლის ერთ ერთმა პედაგოგმა.
“გურიის მოამბისთვის” ასევე ცნობილი ხდება, რომ ახალაშენებულ სკოლაში სხვადასხვა პრობლემებმა უკვე იჩინა თავი. რამდენიმე ოთახში დაზიანებულია კედელი, ან ჭერი. გათბობის პრობლემა კი 600 ბავშვზე გათვლილ სკოლაში მას შემდეგ მოგვარდა, რაც გასული თვის შუა რიცხვებში აღნიშნული საკითხით მედია დაინტერესდა. პრობლემური იყო ასევე წყლის პრობლემა. ავზის არ არსებობის გამო ვერ ხერხდებოდა გამათბობელი სისტემის ჩართვა და დეკემბრის საკმაოდ ცივ დღეებში მოსწავლეებს გაყინულ საკლასო ოთახებში უწევდათ გაკვეთილებზე ყოფნა.
ახლა საინტერესოა, როდის მოიფიქრებს განათლების სამინისტრო, რომ სკოლაში ისევე საჭიროა პედაგოგებისთვის მაგიდები და სკამები, როგორც მოსწავლეებისთვის მერხები და იმედია, სასწავლო წლის მეორე სემესტრში მაინც არ მოუწევთ მასწავლებლებს გაკვეთილების ფეხზე დგომით ჩატარება, ან მოსწავლის მერხზე გაჭირვებით ჩამოჯდომა.
ცნობისთვის: ნასაკირალის საჯარო სკოლის მშენებლობა და შიდა სარემონტოები გასული წლის სექტემბრის დასაწყისში დასრულდა.
სკოლის მშენებლობა დაბაში თითქმის ორი წელი მიმდინარეობდა და მის მშენებლობაზე 8 მილიონი ლარი გამოიყო. სკოლა 600 მოსწავლეზეა გათვლილი.