თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, COVID-19-ის სამკურნალო ორ ტაბლეტირებულ მედიკამენტს საქართველო 2-3 კვირაში მიიღებს.
“ორი ტაბლეტირებული მედიკამენტი – “პაქსლოვიდი” და “მოლნუპირავირი” ეფექტურია როგორც დელტა შტამის, ასევე “ომიკრონის” წინააღმდეგ. 2-3 კვირაში მივიღებთ ამ მედიკამენტს. ერთ-ერთი პირველი იქნება საქართველო, ვინც მიიღებს, ჯერ არ არის მსოფლიოში საერთოდ, ახლახანს მიიღო ნებართვა. აღნიშნული ორი ტაბლეტირებული მედიკამენტი გამოყენებული იქნება მხოლოდ ბინაზე, დიაგნოზის დასმიდან პირველი ოთხი დღის განმავლობაში.
ჩვენ გვექნება კომპლექსური მიდგომა – ორი ტაბლეტირებული მედიკამენტი ბინაზე და ერთი მთავარი, დამრტყმელი მედიკამენტი
“რემდესივირი” გამოიყენება კლინიკაში, განვიხილავთ ამ მედიკამენტის ბინაზე გამოყენების შესაძლებლობასაც.
ეს მედიკამენტები მსოფლიოში არსად არ გამოდის თავისუფალ გაყიდვაში, ვინაიდან ძალიან დეფიციტურია და სამთავრობო დონეზე ხდება მათი განაწილების გადაწყვეტილება. საქართველო მიიღებს ამას ცენტრალიზებულად და თვითონ დაუნაწილებს სამინისტრო ყველა ონლაინ კლინიკასა და ყველა ოჯახის ექიმს”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.