ილონ მასკი: “პირველი ადამიანი მარსისკენ 4 წელიწადში გაფრინდება, ხოლო 6 წელიწადში მარსის ზედაპირზე დაეშვება და მის ათვისებას შეუდგება”

SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა, Axel Springer-ის პრემიის დაჯილდოებისას განაცხადა, რომ ადამიანები მარსის ზედაპირზე აქედან 6 წლის შემდგომ დაეშვებიან.

მისი განმარტებით, თუ ყველაფერი ამჟამინდელი გეგმის მიხედვით შეუფერხებლად განხორციელდება, პირველი ადამიანი მარსისკენ უკვე ოთხ წელიწადში გაფრინდება, უფრო მეტიც, კომპანია წითელი პლანეტისკენ უპილოტო კოსმოსურ ხომალდს ორ წელიწადში გაუშვებს.

2019 წლის გეგმის თანახმად, მარსის ათვისება Starship-ის რაკეტებით უნდა განხორციელდეს, ხოლო პირველი მარსიანული დასახლების შექმნას დაახლოებით 20 წელი დასჭირდება. ამისთვის საჭირო იქნება “მილიონობით ტონა” აღჭურვილობისა და რესურსების გაგზავნა, რასთვისაც ათასობით Starship-ის ტიპის ხომალდი გახდება საჭირო. რაკეტების გაშვება ერთმანეთის მიყოლებით ვერ შედგება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მარსი და დედამიწა წელიწადში ორჯერ უახლოვდებიან ერთმანეთს.

მარსის ასათვისებლად აუცილებელია ერთი პილოტირებადი გაფრენა მარსზე – განმარტავს მასკი.

სექტემბრის ბოლოს, მასკის SpaceX-მა აჩვენა რაკეტა Starship MK1. ამა წლის ივლისში კი, ხომალდ SN5-ის პროტოტიპმა წარმატებით გაიარა საცეცხლო ცდები, ხოლო აგვისტოში, პირველი “ნახტომიც” განახორციელა 150 მეტრის სიმაღლეზე. ოქტომბერში ხომალდმა SN8-მ, ასევე წარმატებით გაიარა საცეცხლო მომზადება, თანაც სამი მუშა ძრავით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცდებსა და ტესტებს ხარვეზების გარეშე არ ჩაუვლიათ, ასე მაგალითად, ერთ-ერთი პროტოტიპი საცეცხლო ცდებისას აფეთქდა.

Starship MK1

SpaceX ასევე გეგმავს “მცურავი კოსმოდრომების” აშენებას ზემძიმე კლასის რაკეტების გასაშვებად მთვარესა და მარსზე.

ავტორი: ირაკლი სალუქვაძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share