შალვა თავდიშვილისა და ბესო ქათამაძის საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს, 17 საათზე გამოაცხადებს. ამის შესახებ განცხადება ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დღეს დილით გამრთულ პროცესზე გააკეთა. დილის პროცესზე სასამართლომ მოწმეების სახით რამდენიმე პოლიციელი დაკითხა, რომლებიც ამტკიცებდნენ , რომ ბესო ქათამაძემ და შალვა თავდიშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და უშვერი და უწმაწური სიტყვებით გამოლანძღეს. განსაკუთრებული ჩვენება ბახვის პოლიციის თანამშრომელმა, ლევან ვაშალომიძემ მისცა , რომლის მტკიცებითაც, ბესო ქათამაძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სამარცხვინოები ეძახა. თუმცა ამის მტკიცებულებები პოლიციელს არ გააჩნდა, ვინაიდან ბესო ქათამაძის დაკავების პროცესი თავიდან ბოლომდე ვიდეოზეა გადაღებული, პოლიციელმა ჩვენება შეცვალა და განაცხადა , რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბესო ქათამაძე პოლიციის ავტომობილში ჩასვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო შალვა თავდიშვილისა და ბესო ქათამაძის 15 დღიან პატიმრობას ითხოვს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოზურგეთის რაიონული სასამართლო, ეს დღეს 17 საათზე გახდება ცნობილი.
ცნობისათვის, ბესო ქათამაძე და შალვა თავდიშვილი გუშინ დილით, ნასაკირალის უღელტეხილზე მას შემდეგ დააკავეს , რაც ისინი ადგილობრივი მოსახლეობის აქციას შეუერთდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელი ცენტრალური ავტომაგისტრალის, ნასაკირალის გადასასვლელის მოანკვეთზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურებას აპროტესტებდნენ.