“ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაბედა, პოლიტიკურ პატიმართა რიგებს ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა, რადგან ეს მისივე სტანდარტითაც კი მეტისმეტი იქნებოდა”, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას.
როგორც მელიამ აღნიშნა, ივანიშვილს სურდა, პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენებით ოპოზიცია დაესუსტებინა, თუმცა ამ ყველაფერმა საქმეში ბრალდებული მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი კიდევ უფრო მეტად გააძლიერა.
“სწორედ ეს გათვლა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, რომ სხვადასხვა საქმის აღძვრით ოპოზიციურ ველს პოლიტიკოსებისგან გამოშიგნავდა, მაგრამ პირიქით, თქვენ ნახეთ, რომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთო წერეთელი უფრო და უფრო შეუპოვრები ხდებოდნენ. თუმცა, პრობლემა რა თქმა უნდა, არსად არ წასულა. უდიდესია პრობლემა, რომელიც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ეხება და ვიდრე პოლიტიკური მართლმსაჯულება, როგორც იარაღი, ხელში აქვს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ვერც ერთი მოქალაქე ვერ იგრძნობს თავს დაცულად”, – თქვა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო, საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა. აღსანიშნავია, რომ გამოძიება ბრალდებულებს ფულის გათეთრებას ედავებოდა, თუმცა მოსამართლე ეს მუხლი გადააკვალიფიცირა და ისინი თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.