“ისტორიული უსამართლობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ტყვეობას გულისხმობს, დასასრულებელია” – თქვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.
“ეს ისტორიული უსამართლობა დასასრულებელია. ისტორიული უსამართლობა, რომელიც გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის ტყვეობას და პატიმრობას. მურუსიძეების, ღარიბაშვილების, ივანიშვილების და რეჟიმის წარმომადგენლების გასასამართლებელი არ არის.
ეს ადამიანები, რომლებიც არიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, ვერ იქნებიან გულგრილები და ის სასამართლო პროცესები ვერ იქნება შეუმჩნეველი მისი და პარტია “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების მხრიდან.
არც ერთი ჩვენგანი არასოდეს გავაპროტესტებდით ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნასაც კი, თუ გვეცოდინებოდა, რომ სასამართლო ოდნავ მაინც სამართლიანია”, – თქვა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ესწრებოდა თავად მიხეილ სააკაშვილიც, ის პროცესზე სიტყვით გამოვიდა.