17 იანვრიდან ოზურგეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებიც გაიფიცებიან

17 იანვრიდან დაანონსებულ აქციას, ოზურგეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ნაწილიც   შეუერთდება, ამის შსახებ “გურიის  მოამბეს” სააგენტოს ხელმძღვანელმა, თეა ლომჯარიამ უთხრა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სამსახური შუფერხებლად მუშაობს, თუმცა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაანონსებულ გაფიცვას ადგილზეც შეუერთდებიან: “ამ ეტაპზე ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას, გაფიცვა დაანონსებულია 17 იანვრიდან, რასაც ჩვენი თანამშრომლების გარკვეული ნაწილიც შეუერთდება”-გვითხრა ლომჯარიამ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ნაწილმა  გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება შეიტანეს.

17 იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით 390 ადამიანი გაიფიცება. პროტესტი კი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.

„ ეს ადამიანები წლების განმავლობაში ითხოვენ ღირსეულ სამუშაო პირობებს და ღირსეულ ანაზღაურებას, თუმცა, სამწუხაროდ, როგორც მედიაციის პროცესი, ასევე შემდგომი მოლაპარაკებების პროცესი წარუმატებლად დასრულდა. სააგენტო ამდენი ხნის მანძილზე არასერიოზულად უდგება ჩვენს პროტესტს, რამაც შესაბამის შედეგამდე მიგვიყვანა.

17 იანვრიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს 390 თანამშრომელი გაიფიცება, რაც ნიშნავს იმას, რომ უმეტესობა ცენტრებისა ფუნქციონირებას შეწყვეტს. ეს ადამიანები იფიცებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს, თუმცა ამ ადამიანებმა ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვეს მონურ პირობებზე და ახლა უკვე მივმართეთ პროტესტის უკიდურეს ფორმას და გავიფიცებით იქამდე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული.  ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა ხელფასების 100%-ით მატება, იქედან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში მუშაობენ ისეთ ხელფასზე, რომლითაც არსებობა შეუძლებელია. ზოგიერთ შემთხვევაში იღებენ უფრო დაბალ ანაზღაურებას, ვიდრე სოციალურად დაუცველი ადამიანები იღებენ დახმარებას. ეს ადამიანები ითხოვენ ტრანსპორტის ხარჯებს. მათ უწევთ გადაადგილება საქართველოს მასშტაბით და თავისი ჯიბიდან უწევთ ტრანსპორტის ხარჯების გადახდა.

დაახლოებით 12 წელია ამ ადამიანების ხელფასი არის უცვლელი. სოციალური აგენტების ფიქსირებული ხელფასი ეს არის 200 ლარი ხელზე ასაღები და შემდგომ გამომუშავებით”, – განაცხადა სოლიდარობის ქსელის იურისტმა, დავით თომსარაშვილმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share