ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, ზვიად ქარჩავა ამბობს, რომ 6 მოლარე-ოპერატორს, რომელიც რეალურად საჭირო არ იყო, ხელფასი იმიტომ გადაუხადა, რომ ისინი კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციების დაცვაში ეხმარებოდნენ.
მისივე თქმით, ამ ადამიანებს კონტრაქტი გაფორმებული ჰქონდათ, ამიტომ ახალი ფუნქციები მოუძებნეს.
“ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა 2019 წელს, 2020-ში დაიწყო ოპერირება, პირველი ორი თვე იყო უფასო, რომ ყველას მისცემოდა შესაძლებლობა, რომ ენახა ბოტანიკური ბაღი, ხოლო თებერვალში, ზუსტად არ მახსოვს თარიღი, ფასიანი გახდა. პანდემიის გამო ქვეყანაში გამოცხადდა ლოკდაუნი, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბოტანიკურ ბაღში შესვლა ყოფილი თავისუფალი და ყველას მისცემოდა ისევ შესაძლებლობა ესარგებლა ამ სივრცით. თუმცა იყო კოვიდ რეგულაციები, რადგან კონტრაქტი ჰქონდათ ამ ადამიანებს, ჩვენ დამატებით მივანიჭეთ ეს ფუნქციები, რომ რეგულაციების დაცვაში დაგვხმარებოდა”, – ზვიად ქარჩავა.
აუდიტის დასკვნით ცნობილი გახდა, რომ 2020 წელს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრში 6 მოლარე-კონსულტანტი იყო დასაქმებული, თუმცა ბაღში შესვლა უფასოა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ მოლარე-კონსულტანტების ხელფასებზე ბიუჯეტიდან 50.3 ათასი ლარი დაიხარჯა.