სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თეა ლომჯარია, ქვეყნის მასშტაბით 17 იანვარს დაანონსებულ გაფიცვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც ის “გურიის მოამბეს”-თან აცხადებს, ამ ეტაპზე მისთვის ცნობილი არ არის, თუ რამდენი ადამიანი შეუერთდება აღნიშნულ გაფიცვას კონკრეკულად გურიიდან, თუმცა დანამდვილებით იცის, რომ მოქალაქეთა მომსახურების კუთხით პრობლემა არ შეიქმნება:
“გაფიცვა დაანონსებულია 17 იანვრიდან, სამსახური მუშაობს და გააგრძელევს მუშაობას. მიმდინარეობს ახსნა_განმარტებითი მუშაობა თითოეულ თანამშრომელთან და თუ გაფიცვას მაინც შეუერთდება გარკვეული ნაწილი ამ შემთხვევაშიც შეუფერხებლად მოხდება მოქალაქეებისათვის ყველა საჭირო სერვისის მიწოდება”-გვითხრა ლომჯარიამ.
ცნობისთვის, 17 იანვრიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს 390 თანამშრომელი გაიფიცება, რაც ნიშნავს იმას, რომ უმეტესობა ცენტრებისა ფუნქციონირებას შეწყვეტს. ეს ადამიანები იფიცებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს, თუმცა ამ ადამიანებმა ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვეს მონურ პირობებზე და ახლა უკვე მივმართეთ პროტესტის უკიდურეს ფორმას და გავიფიცებით იქამდე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული. ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა ხელფასების 100%-ით მატება, იქედან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში მუშაობენ ისეთ ხელფასზე, რომლითაც არსებობა შეუძლებელია. ზოგიერთ შემთხვევაში იღებენ უფრო დაბალ ანაზღაურებას, ვიდრე სოციალურად დაუცველი ადამიანები იღებენ დახმარებას. ეს ადამიანები ითხოვენ ტრანსპორტის ხარჯებს. მათ უწევთ გადაადგილება საქართველოს მასშტაბით და თავისი ჯიბიდან უწევთ ტრანსპორტის ხარჯების გადახდა.
დაახლოებით 12 წელია ამ ადამიანების ხელფასი არის უცვლელი. სოციალური აგენტების ფიქსირებული ხელფასი ეს არის 200 ლარი ხელზე ასაღები და შემდგომ გამომუშავებით”, – განაცხადა სოლიდარობის ქსელის იურისტმა, დავით თომსარაშვილმა.