17 იანვარს, 19:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია ჩაინიშნა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები ხელისუფლების მხრიდან დევნილების მიმართ მოპყრობასა და სანატორიუმ ქართლში დღეს მომხდარ ტრაგედიას გააპროტესტებენ.
წლებია სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები ითხოვენ ავარიული კორპუსიდან განსხალებას, რასაც მრავალი დაპირება და გადაგდება მოჰყვა. დღეს, 16 იანვარს 52 წლის დევნილმა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რა დროსაც კორპუსთან შეკრებილ დევნილებს მხოლოდ ერთი ფრაზა უთხრა: “იქნებ ჩემი სიკვდილის შემდეგ მოგაქციონ ყურადღება, ეს თქვენთვის!”.
შეუძლებელია მსგავსი დანაშაულებრივი ტრაგედიების შემდეგ მშვიდად გრძელდებოდეს ჩვენი ცხოვრება.
გელოდებით, ყველა მოქალაქეს, ყოველგვარი განსხვავებების, ატრიბუტიკის და იარლიყების გარეშე, როგორც რიგით მოქალაქეებს.
იმისთვის, რომ ეს ტრაგედია არ დარჩეს რიგით ტრაგედიად, ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა სიჩუმეზე და უსამართლობაზე, რაც ჩვენ გარშემო ხდება.
გელოდებით ჯანდაცვის სამინისტროსთან (დიდუბის მეტრო), 17 იანვარს, 19:00 საათზე, – წერს აქციის ორგანიზატორი ირაკლი კუპრაძე.