ულტიმატუმის ვადა ამოწურულია – დღეიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი სამსახურში აღარ მივა და პროტესტს ჯანდაცვის სამინისტროსთან დაიწყებს.
ისინი ამბობენ, რომ 4-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს უკიდურეს ზომას მიმართონ.
“მათ აქვთ ძალიან დაბალი ხელფასები. იმდენად დაბალი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში არსებობაც კი შეუძლებელია ამ ანაზღაურებით. ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით პროტესტი, არაერთი შეხვედრა გვქონდა, არაერთი მედიაცია, თუმცა სამწუხაროდ, ყველა ეს შეხვედრა დასრულდა უშედეგოდ. შესაბამისად, დასაქმებულებს სხვა გზა არ დარჩათ გარდა იმისა, რომ მიმართონ პროტესტი ამ ფორმას და გაიფიცონ. 400-მდე თანამშრომელი უარს ამბობს შრომითი ვალდებულების შესრულებაზე იქამდე, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება”, – თქვა “სოლიდარობის ქსელის” იურისტმა, დავით ომსარაშვილმა.
ხელფასების მატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება – ეს ის მოთხოვნებია, რომლებსაც მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს წლებია, არ უკმაყოფილებენ. ამის გამო ასობით თანამშრომელს გაუსაძლის პირობებსა და მიზერულ ანაზღაურებაზე უწევს მუშაობა.
საკითხთან დაკავშირებით გუშინ ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყება თანამშრომლებს ხელფასების ზრდას თებერვლიდან დაჰპირდა.