მოსახლეობის მიმართულებით გაზის გაძვირებას არ ველოდებით, ტარიფი გაზზე არ გადაიხედება – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს.
„რაც შეეხება კომერციულ ფასებს, როგორ გაყიდის „თბილისი ენერჯი“, რომელიც თბილისის გაზმომარაგებით არის დაკავებული, ეს არ არის რეგულირებადი ტარიფი, ეს მათი ბიზნესის ნაწილია. თუმცა, ჩვენ აუცილებლად გვექნება მათთან კომუნიკაცია დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.
მართლაც, დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ მათ – ეს არის თბილისის უწყვეტი მომარაგება, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი. აუცილებლად შევხვდებით, დაველაპარაკებით და გავერკვევით, რამდენად დასაბუთებულია მათი გეგმები და რამდენად ეყრდნობა რეალურ გარემოებებს“, – აცხადებს ნათია თურნავა.