თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ პენიტენციური სამსახურის საჩივარი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგანავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
საქმე ეხება საჩივარს, რომლითაც პენიტენციური მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების გამო, ინსპექტორის მიერ დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას ითხოვდა.
ცნობისთვის, ამავე საკითხზე სასამართლომ 11 იანვარს იუსტიციის სამინისტროს საჩივარიც დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ სამინისტროსთვის დაკისრებული სანქციაც გაუქმდა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობისა და მისი კადრების გავრცელების ფაქტებზე დაწყებული აქტიური საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, ხელისუფლებამ გასული წლის ბოლოს კანონი მიიღო და ეს უწყება გააუქმა.
ამის შემდეგ პარლამენტმა კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკოსები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე თავად ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია სთხოვდა, კანონისთვის ვეტო დაედო, თუმცა 13 იანვარს, პრეზიდენტმა კანონს ხელი მოაწერა.
კანონი ძალაში 1 მარტიდან შევა და სახელმწიფო ინსპექტორის ნაცვლად, ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.