შუახევში მოსახლეობამ პაციენტი დაახლოებით 3 კილომეტრის მანძილზე ატარა საკაცით თოვლისგან გაწმენდილ გზაზე ჩამოსაყვანად.
შემთხვევა დღეს, 18 იანვარს მოხდა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებში. შუადღისას ხანდაზმულმა კაცმა, დაცემის შედეგად, სავარაუდოდ, მოტეხილობები მიიღო და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, თუმცა სასწრაფოს მანქანა თოვლისგან გაუწმენდელი გზის გამო სოფელში ვერ ავიდა.
გზას ორი ტრაქტორი წმენდდა თოვლისგან, თუმცა ერთი გაფუჭდა, მეორე ტრაქტორმა კი დაღამების შემდეგ მუშაობა შეაჩერა, სავარაუდოდ, ზვავსაშიშროების გამო.
„სოფლის ხალხი დაგვეხმარა და ჩამოიყვანეს სამი კილომეტრი ფეხით, საკაცეზე მყოფი პაციენტი. ახლა მიჰყავთ ბათუმში“ – უთხრა „ბათუმელებს“ ოჯახის ახლობელმა. მისივე თქმით, სოფელში კიდევ ერთი ადამიანი საჭიროებს საავადმყოფოში გადაყვანას.
ხაბელაშვილებში თოვლის საფარის სიმაღლე დაახლოებით 1.5 მეტრს აღწევს.