სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის სრული დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარებაზე, ასევე მისი მკურნალობის მონიტორინგზე ცნობილია.
ომბუდსმენის ინფორმაციით, ექსპერტთა ჯგუფმა ჯამში 5 ვიზიტი განახორციელა მიხეილ სააკაშვილთან, შესაბამისად, ჯგუფმა შეიმუშავა ხუთი დასკვნა. ვიზიტები განხორციელდა 2021 წლის 16 და 18 ნოემბერს – სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში, 23 ნოემბერსა და 12 დეკემბერს – სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 11 იანვარს – N12 პენიტენციურ დაწესებულებაში.
ვიზიტებისას ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის გასინჯვა, მისი სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობა და ადგილობრივ სამედიცინო/მკურნალ პერსონალთან გასაუბრება.
“2021 წლის 17 ნოემბრის ვიზიტის შედეგად სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, გასცა რეკომენდაცია, რომ პაციენტის მკურნალობა დაუყოვნებლივ გაგრძელებულიყო ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებდა. იგივე რეკომენდაცია იქნა გამეორებული 2021 წლის 18 ნოემბრის ვიზიტის შედეგად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისას (დაფიქსირდა ვერნიკეს ენცეფალოპათიით გამოწვეული გულყრა).
2021 წლის 19 ნოემბერს პაციენტი გადაყვანილ იქნა სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებისას და ჰოსპიტალიდან N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი დამატებით სამჯერ მოინახულა (23.11.2021, 12.12.2021 და 11.01.2022). შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ კვების აღდგენის (რეფიდინგის) პროცესში მიღწეული დადებითი შედეგების (სასიცოცხლო რისკების მოხსნა) შემდეგ, ამ უკანასკნელი სამი ვიზიტისას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის (ნევროლოგიური სტატუსის მიმართულებით) არსებითი გაუმჯობესება დინამიკაში ვერ გამოვლინდა, თუმცა, არც გაუარესება დაფიქსირებულა. პაციენტის ფსიქოთერაპიული და ფიზიკური რეაბილიტაციის საკითხი კვლავ არსებით პრობლემად რჩება.” – ნათქვამია ინფორმაციაში.
11 იანვრის ვიზიტის შედეგები:
პაციენტის მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა და გამოხატულია შემდეგი ძირითადი პრობლემები:
- ვერნიკეს ენცეფალოპათიის შედეგები – ნევროლოგიური სიმპტომატიკა, კერძოდ მზერის პარეზი, წონასწორობის დარღვევა, ზო¬გადი სისუსტე, კიდურებზე მგრძნობელობის გაუარესება;
- ანემია;
- პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესია (აღნიშნული შეფასდა 12 დეკემბრის ვიზიტისას, რის შემდეგაც პაციენტს ფსიქოთერაპიული მკურნალობა არ ჩატარებია, თუმცა, უტარდება მხოლოდ ფარმაკოლოგიური მკურნალობა) .
- სომატური თვალსაზრისით პაციენტის ფარმაკოლოგიური მკურნალობა მიმდინარეობს და მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელია.
- დეპრესიისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობის პირველი რიგის მიდგომაა ფსიქოთერაპია, რაც პაციენტს არ უტარდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეკომენდაცია სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა ჯერ კიდევ 2021 წლის 25 ნოემბრის დასკვნით გასცა. ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ არსებულ პირობებში (იგულისხმება როგორც საპატიმროს სპეციფიკა, ასევე კონკრეტული პაციენტის პატიმრობის კონტექსტი) სრულყოფილი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე, ნაკლებად რეალისტურია.
- მიუხედავად მრავალჯერადად გაცემული რეკომენდაციისა, იმასთან დაკავშირებით, რომ პაციენტს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რომელიც საჭიროებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციას, სამწუხაროდ, ეს მკურნალობა არ ჩატარდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება. ჯგუფი ამ ეტაპზე ვერ აიდენტიფიცირებს სხვა სამედიცინო საშუალებებს, რომელსაც შეუძლია მდგომარეობის გაუმჯობესება, გარდა ჩვენ მიერ მანამდე და წინამდებარე დასკვნაში ჩამოთვლილი ღონისძიებებისა. ხსენებული ღონისძიებების ჩაუტარებლობის შემთხვევაში, მოსალოდნელია მდგომარეობის დამძიმება, კერძოდ, სტრესული აშლილობისა და დეპრესიის გაღრმავება.
- გახანგრძლივებული ნევოლოგიური სიმპტომატიკა თიამინის (ვიტამინი B1) დეფიციტის ფონზე განვითარებული ვერნიკეს ენცეფალოპათიის და ნეიროპათიის შედეგია.
რეკომენდაციები:
- პაციენტის მკურნალობისა და სრულფასოვანი რეაბილიტაციის მიზნით ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ აუცილებელია:
- ფსიქოთერაპია – რაც დეპრესიისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობის პირველი რიგის მიდგომაა, და სავარაუდოდ ხელს შეუწყობს ადეკვატური კვების რეჟიმის განახლებას;
- ფიზიკური რეაბილიტაცია;
- დამატებითი კვლევის თვალსაზრისით, რეკომენდირებულია თავის MRT კვლევა;
- ნევროლოგიური მონიტორირება და პროგრესირების შემთხვევაში ელექტრონეირომიოგრაფიული კვლევის ჩატარება.
დასკვნას ხელს აწერენ:
- /გიორგი გრიგოლია/
- /გრიგოლი ხურციძე/
- /გიორგი კაჭარავა/
- /გიორგი პაპიაშვილი/
- /აიდა გოზალოვა/
- /თენგიზ წულაძე/
- /ნინო ზავრაშვილი/
- / მარინე კურატაშვილი/
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი 2021 წლის 16 ნოემბერს შექმნა.