ახლა რომ ვაანალიზებთ, შეიძლებოდა დამატებითი ნაბიჯები გადაგვედგა, მაგრამ 2021 წელი ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებით დაწოლის წელი იყო – „ქართული ოცნების” მხრიდან აგრესიული რიტორიკა იმის გამოა, რომ ნერვიულობენ, იციან, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწიოთ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა აკაკი მინაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემაში „თავისუფალი სტუდია” განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ შეეძლო ოპოზიციას, საკუთარი მიზნების მისაღწევად ხელისუფლებაზე უფრო მეტი წნეხი მოეხდინა.
მინაშვილი არ ფიქრობს, რომ ოპოიზიციის გეგმების მიუხედავად ხელისუფლება მშვიდადაა და აღნიშნავს, რომ პარტია „ქართულ ოცნებაში” „რაღაც დალაგებული არაა”. მისი თქმით, მმართველ გუნდში იციან, რომ ქვეყანაში კრიზისია.
„ალბათ შეიძლებოდა უფრო მეტი წნეხის განხორციელება. შეიძლება სუბიექტური და ობიექტური მიზეზები იყო, რამაც ხელი შეუშალა, თუმცა მეორე მხრივ ოპოზიცია ძალიან აქტიური იყო შარშანაც და კონკრეტულ შედეგებსაც მიაღწია. აქტიურობის შედეგი იყო ის, რომ ვაიძულეთ ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილი გადაეყვანათ გორის ჰოსპიტალში. ახლა რომ ვაანალიზებთ, შეიძლებოდა დამატებითი ნაბიჯები გადაგვედგა. მაგრამ 2021 წელი იყო განსაკუთრებით დაწოლის წელი ხელისუფლების მხრიდან – მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, პარტიის თავმჯდომარე დააკავეს, იყო ბოიკოტის თემა. მეორე მხრივ, არ დაგეთანხმებით, რომ ხელისუფლება თავს გრძნობს მშვიდად. ეს გამოიხატება თუნდაც იმაში, რაც მოხდა პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებასთან დაკავშირებით. ხომ აშკარაა, რომ შიგნით რაღაც დალაგებული არაა. გამომდინარე იქიდან, რომ თავადაც კარგად გრძნობენ, რომ ქვეყანაში კრიზისული ვითარებაა და არავინ იცის, როდის მოხდება ამ მუხტის გაცოცხლება, რათა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. მათი აგრესიული რიტორიკა იმიტომაა, რომ ნერვიულობენ და ცდილობენ საკუთარი მხარდამჭერები დაამშვიდონ – ჩვენ ცხენზე ვართ, მყარად ვართ, არაფერი გვემუქრება. სინამდვილეში კარგად იციან, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს ისეთი პოლიტიკური მოვლენა, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწიოთ. რაც არის მიზანი იმიტომ, რომ სწრაფად უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ამიტომ, მათ არ ექნებათ სიმშვიდის განცდა. შიდა რყევები მათთვის ყველაზე უფრო დამაზიანებელია”,- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.