საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კულტურის სფეროს წარმომადგენლების პროტესტს ეხმაურება.
“რომ შემეძლოს, აუცილებლად შევუერთდებოდი ჩვენი საამაყო ინტელექტუალებისა და უბრალოდ წესიერი, პატიოსანი მოქალაქეების აქციას კულტურის სამინისტროსთან.
რა უბედურებაში ვართ ჩაცვენილი. ნიკა რურუა იყო კულტურის მინისტრი და მისი კარი ყოველთვის ღია იყო ყველაზე შეურიგებელი ოპონენტებისთვისაც კი.
მახსოვს, როგორ სტკენდა ხოლმე მას გულს უსამართლო კრიტიკა იგივე ბაგრატის თემაზე, მაგრამ მისი ერთადერთი პასუხი იყო ხოლმე დამატებითი არგუმენტების მობილიზაცია და დიალოგი, კიდევ მეტი დიალოგი”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, კულტურის სფეროს წარმომადგენლები მინისტრის, თეა წულუკიანის რეპრესიულ პოლიტიკას აპროტესტებენ. ისინი ამ წუთებში საპროტესტო აქციას სამინისტროს შენობასთან მართავენ. აქციის მონაწილეებს ადგილზე სიმბოლურად საბჭოთა გამონათქვამებით პლაკატები აქვთ მიტანილი: “დიდება პარტიას”, “სიკვდილი ხალხის მტრებს”, “ბოლშევიკური ენერგიით ბოლო მოვუღოთ მავნებლობის შედეგებს”.
მინისტრი ბოლო პერიოდში აქტიურად ათავისუფლებს სამსახურებიდან ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრება და დამოკიდებულებები აქვთ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.