“სახლში ფანჯარა არაა გვაქს, კარი არ გვაქვს, ფარდები გვაქვს ჩამოკიდული და ვიყინებით, შეშას დამპირდნენ მოგიტანთო და ამ დრომდე ველოდები. ორი ბავშვი მყავს სახლში, გაყინულები ვართ:-უთხრა “გურიის მოამბეს” თამარ ტაბატაძემ, რომელიც ოზურგეთში შევარდნაძის #3-ში ერთსართულიან ქვის სახლში ცხოვრობს.
ტაბატაძეების ოთხსულიანი ოჯახი წლებია, უკიდურეს გაჭირვებას და მძიმე საცხოვრებელ პირობებს ებრძვის. 75 წლის ქალბატონი ბაზარში ბოსტნეულზე ვაჭრობს, რომ ობოლ შვილიშვილებს და ჯანმრთელობა შერყეულ შვილს საკვებით მაინც დაეხმაროს.
ამ ოჯახის გასაჭირი, ოზურგეთში ბევრი ადამიანისთვისაა ცნობილი, “გურიის მოამბესაც” ტაბატაძეების მძიმე ყოფაზე არაერთი წერილი მოუმზადებია. განსაკუთრებით მძიმე მათი მდგომარეობა ზამთარშია, როცა ოჯახი ფაქტობრივად გათბობის გარეშე რჩება:
“კედლები სულ სველია, იატაკიც წყლითაა გაჟღენთილი, წარმოუდგენელ პირობებში ვცხოვრობთ მე და ჩემი ავადმყოფი შვილი ორ ობოლ ბავშვთან ერთად. უფროსი მეათე კლასშია და სკოლაშიც ვერ ვახერხებ მის გაშვებას, ასეთი მძიმე მდგომარეობის გამო. გაყინულ ოთხაში რომ იძინებს და იღვიძებს ბავშვი, თან სანახევროდ მშიერი რომ არის, სწავლაზე და განათლებაზე რანაირად იფიქრებს.”-გვიყვება თამარი.
როგორც მისი საუბრიდან ირკვევა, ოჯახის გაუსაძლის მდგომარეობაზე ინფორმაცია აქვს ოზურგეთის მერსაც, თუმცა დაპირების მიუხედავად ტაბატაძეებთან ჯერ არც შეშა მიუტანიათ და არც სხვა სახის დახმარება გაუწევიათ:
“თალაკვაძემ კარგად იცის ჩემი მდგომარეობის შესახებ. რამდენიმე დღის წინ, ბაზარში იყო მოსული, გარემოვაჭრეებმა ჩემზე უთხრეს, რომ დახმარება მჭირდება და ძალიან რთულ პირობებში ვცხოვრობ, მეც ვესაუბრე და ავუხსენი ჩემი გასაჭირი, დამპირდა აუცილებლად დაგეხმარებით, მაგრამ მას მერე არავინ შემხმიანებია. მოვიდნენ ჩემთან სახლში და ნახონ რა სიტუაცია დახვდებათ ადგილზე”-აღნიშნა ქალბატონმა.
მიუხდავად იმისა, რომ ტაბატაძეებს მერიისთვის დახმარების თაობაზე ოფიციალური განცხადებით არ მიუმართავს და მთელი ეს პერიოდი სიტყვიერი დაპირების იმედი ჰქონდა, ახლა უამინდობისა და უხვი ნალექის პირობებში, რედაქციის მეშვეობით სურს შესაბამის სამსახურებს მიაწვდინოს ხმა: “ამ წუთში საკვებ პროდუქტებზე არაფერს ვამბობ, ყველაზე აუცილებელი და მნიშვნელოვანი შეშაა, ორი ობოლი ბავშვი სიცივით და შიმშილით მეხოცება”.