დღეს, კულტურის სამინისტროსთან, კულტურის სფეროში განხორციელებული „ბოლშევიკური წმენდის“ გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა, რომელსაც წინ უსწრებდა პეტიცია კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გათავისუფლების მოთხოვნით.
პეტიციაში წერია, რომ დროა, საქართველოს კულტურის სისტემა გათავისუფლდეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებული მართვის პრინციპებიდან. პეტიციის ავტორი გიგი თევზაძე და ხელმომწერები წულუკიანის მინისტრობის დროს, პროფესიონალების გათავისუფლებას აპროტესტებენ, მხოლოდ იმის გამო, რომ მათ საჯაროდ ან პრივატულად გამოთქვეს უკმაყოფილება როგორც ქვეყანაში, ასევე კულტურის სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ცნობილი ქართველი კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი პეტიციის პათოსს არ იზაიარებს და აცხადებს, რომ თეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელიც აკვირდება პროცესებს, სწავლობს და ისე იღებს გადაწყვტილებას:
„მე არ ვიცი, ვინ გაათავისუფლა კულტურის მინისტრმა და რა ხდება, მაგრამ თეა წულუკიანი იყო კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ და ასეთი გადაწყვტილება არ მიუღია. ვერც მიიღებდა, რადგან იგი არის ადამიანი, რომელიც აკვირდება პროცესს, სწავლობს, სწორ ანალიზს აკეთებს და ისე იღებს გადაწყვეტილებას. მას მხარს ვუჭერ“, – განაცხადა „რეზონანსთან“ მერაბ კოკოჩაშვილმა.