“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი და ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ბესო ქათამაძე გუშინ, ოზურგეთის საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილეებისა და კომიტეტების თავმჯდომარეების ხელფასი 50%-ით გაიზარდა. როგორც ბესო ქათამაძე სოციალურ ქსელში წერს, “ქართულმა ოცნებამ” ამჯერადაც მოატყუა ამომრჩეველი და ხმების სანაცვლოდ ცრუ დაპირებების , კოორდინატებად ქცეული აიპიების თანამშრომელთა ხარჯზე მოპოვებული გამარჯვების გაფორმების შემდეგ, ხალხის ინტერესების იგნორირება დაიწყო:
,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება ოზურგეთში უკიდურესი ცინიზმით გამორჩეულ მორიგ ტრიუკს ატარებს: მუნიციპალიტეტის საკრებულო საკუთარ ხელფასებს 50%- ით იზრდის( დიდთოვლობის და უგზოობის პირობებში მოახერხა და უკვე გაიფორმა ეს ცვლილება) და ამას საკუთარი მოტივაციის ამაღლების აუცილებლობით(?) და ხალხზე ზრუნვით ხსნის, ამასობაში კი ხალხს, კონკრეტულად ბაღების თანამშრომლების ნაწილს სახლში უშვებს, დარჩენილებს კი წლის მეორე ნახევრიდან 20% იან მატებას პირდება.ახლა ვიკითხოთ, რამდენია საკრებულოს მაღალჩინოსანთა უკვე გაზრდილი ხელფასები: მაგალითად, საკრებულოს თავმჯდომარეს 1500 ლარი მიემატა და 4500 ლარამდე გაუხდა, მოადგილეეებს -1000 ლარით გაეზარდათ და3400 ლარი ექნებათ, სამაგიეროდ, 1 ივნისიდან ბაღის თანამშრომლებს , ვისაც 150 ლარი აქვთ, სავარაუდოდ, 30 ლარი მიემატება, ხოლო 450 ლარის შემთხვევაში- 90 ლარი. ამას ”ქართული ოცნების” ენაზე ღირსეული ხელფასი და ღირსეული მომატება ეწოდება, ხოლო მათ, ვინც ამას აპროტესტებს და ღიად საუბრობს- დეზინფორმატორები და პოლიტიკური სპეკულაციებით დაკავებულები.
ფაქტია, რომ ღირსებადაკარგულმა ”ქართულმა ოცნებამ” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ, მოატყუა და გადააგდო ჩვენი საზოგადოება, ხმების სანაცვლოდ ცრუ დაპირებების , კოორდინატებად ქცეული აიპიების თანამშრომელთა ხარჯზე მოპოვებული გამარჯვების გაფორმების შემდეგ კი , ტრადიციულად დაიწყო ხალხის ინტერესების სრული იგნორირება და მისი აბუჩად აგდება.
ენმ ოზურგეთის ორგანიზაცია არ აპირებს შეეგუოს ”ქართული ოცნების” მმართველობის ყალბ, გადაგდებასა და სიცრუეზე დაფუძნებულ წესებს, და არც მათ პირისპირ ჩვენი თანამოქალაქეების მარტო დატოვებას გეგმავს.მიუხედავად ოპონენტების მიმართ გამოყენებული დაჭერების, დაშინების, ძალის დემონსტრირების სამარცხვინო მეთოდებისა, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა არ მოგვატყუონ, არ შეგაშინონ, არ დაგვამცირონ, არ მოგვპარონ, არ მოგვისმინონ.
მოვუწოდებთ კონკრეტულად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებს, ხმა აიმაღლონ უკანონო გათავისუფლებებზე,მხოლოდ ამ გზით შეძლებთ ამ რეპრესიული მანქანის შეჩერებას, მხოლოდ ასე შეიძლება ადამიანების ბედით მოვაჭრე ხელისუფლებამ ხელი აიღოს თავის მავნებლურ გადაწყვეტილებაზე.
ენმ ასევე , თანადგომას უცხადებს ოზურგეთში მოქმედ მედიასაშუალებებს, რომლებიც სიმართლის გაშუქების და პრობლემებზე საუბრის გამო ,,ქართული ოცნების“ აგრესიის სამიზნეები ხდებიან ხოლმე.
ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ეს ღირსების ბრძოლაა, ბრძოლას კი ყოველთვის აქვს აზრი!” – წერს ბესო ქათამაძე.