გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის მთავრობა „კიევში პრორუსი ლიდერის დაყენებას გეგმავს, რადგან ის განიხილავს უკრაინაში შეჭრას და ოკუპაციას“. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისში აღნიშნეს, რომ პოტენციურ კანდიდატად ყოფილი უკრაინელი დეპუტატი ევგენი მურაევი განიხილება.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მურაევმა აღნიშნა, რომ ,,კომენტარის გასაკეთებელი აქ არაფერია“ და რომ ის არის უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს რუსული სანქციები დაკისრებული.
ბრიტანეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურები ინარჩუნებენ კავშირს უამრავ უკრაინელ ყოფილ პოლიტიკოსთან. მათ შორის სერგეი არბუზოვთან, რომელიც უკრაინის ვიცე-პრემიერი იყო 2012-2014 წლებში და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი 2014 წელს. ასევე ანდრეი კლუევთან, იანუკოვიჩის შტაბის უფროსთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან 2010-12 წლებში, ვლადიმირ სივკოვიჩთან,უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (RNBO) თავმჯდომარის ყოფილი მოადგილესთან და მიკოლა აზაროვთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან 2010-2014 წლებში.
„ზოგიერთ მათგანს აქვს კონტაქტი რუსეთის დაზვერვის ოფიცრებთან, რომლებიც ამჟამად ჩართული არიან უკრაინაზე თავდასხმის დაგეგმვაში“, – ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„რუსეთმა უნდა მოახდინოს დეესკალაცია, შეწყვიტოს აგრესიისა და დეზინფორმაციის კამპანია და დიპლომატიური გზა აირჩიოს“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა და დასძინა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო შეჭრა უკრაინაში იქნება უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა, სერიოზული ხარჯებით.