იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გასულ წელს ყოველდღიურად იბრძოდნენ გადარჩენისთვის, 2022 წელი კიდევ უფრო მძიმე იქნება. უფულობის გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობს, მიზეზი კი შემცირებული, ან საერთოდ განულებული შემოსავლების ფონზე გაორმაგებული ფასებია.
იანვრიდან ოჯახები კომუნალური გადასახადების ქვითარშიც გაზრდილ თანხას აღმოაჩენენ. ყველა საყოფაცხოვრებო აბონენტს, რომელიც თვეში 300 კილოვატამდე დენს და გაზს მოიხმარდა, აქამდე 3.5 თეთრი ბიუჯეტიდან უფინანსდებოდა.
სუბსიდირება დასრულდა და იანვრის ბოლოს მოსულ ქვითრებში ასეთ აბონენტებს ყოველ 100 კილოვატზე დამატებით 3.5 ლარის გადახდა მოუწევთ.
გასული წლის ყოველთვიური მაჩვენებელი მზარდია, თუმცა ბოლო ორი თვის მონაცემების მიხედვით ნოემბერ-დეკემბერში ეს ნიშნული რატომღაც შემცირებისკენ წავიდა და დღეს 223 ლარს შეადგენს.
საარსებო მინიმუმი მხოლოდ სურსათის ღირებულების მაჩვენებელია. აქ არ შედის კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ყოველდღიურად აქვს. სურსათის გარდა გაძვირება შეეხო ყველა სხვა პროდუქტს და სერვისს.
- ტრანსპორტის ფასები გაზრდილია 17%-ით,
- წყალი, ელ.ენერგია და აირი – 43.5% -ით
- განათლება – 4.8%
- ჯანმრთელობის დაცვა -7.9%
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 5.2%
- სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 14%
გაძვირებულმა ცხოვრებამ მსყიდველუნარიანი მოქალაქეების რაოდენობა შეამცირა, რაც საფრთხეს უქმნის მცირე ბიზნესსაც. პატარა მაღაზიების მფლობელები არ გამორიცხავენ მალე ბაზარზე მხოლოდ მსხვილი მოთამაშეები დარჩნენ.
მცირე ბიზნესი და მეწარმეები გადარჩენის ერთადერთ გზად გაზრდილი საბაჟო გადასახადების დაწევაში ხედავენ. ამ ვითარებაში ექსპერტები არა თუ მდგომარეობის დასტაბილურებას, არამედ კიდევ უფრო მძიმე მომავალს მოელიან.
მთავარი არხი