“კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქმე პოლიტიკურია და სამართლებრივ დავასთან კავშირი არ აქვს”-ადვოკატი

მორიგი სასამართლო პროცესი ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. საგამოძიებო უწყებამ მიხეილ სააკშვილის ბრალეულობის დასტურად ის ვიდეოები წარადგინა, რაც სოციალურ ქსელებშიც და სატელევიზიო ეთერებშიც ისედაც გავრცელებული იყო.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, დღეს გამოკვლეული მტკიცებულებებით არანაირად არ დასტურდება მესამე პრეზიდენტის ბრალეულობა, რადგან ვიდეოებში ასახულია თანამდებობის პირების დიალოგები, პოლიტიკურ საკითხები, ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებული საუბრები რაც იმ დროისთვის საზოგადოებამ ისედაც ნახა და მოისმინა ღიად.

რაც შეეხება აქციას. ბექა ბასილაიას თქმით, 7 ნოემბრის მოვლენების კადრები მძიმეა, თუმცა მოიცავს ცალკეული პოლიციელების მხრიდან გადაცდომებს, რაც პროკურატურას მთელი ამ წლების განმავლობაში არ გამოუვლენია და არც ბრძანების გამცემი პირი გამოუძიებია.

შესაბამისად, ბასილაიას თქმით, დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქმე პოლიტიკურია და სამართლებრივ დავასთან კავშირი არ აქვს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share