რას ითვალისწინებს ნატოს მინისტერიალზე მიღებული პაკეტი

1-2 დეკემბერს ნატო-ში, ონლაინ რეჟიმის პირობებში საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართა. მინისტერიალზე ერთხმად დაამტკიცეს ნატო-საქართველოს არსებითი გაძლიერებული პაკეტი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მიღებულია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებული ვერსია. პაკეტი აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობასდა კიდევ უფრო აახლოებს ქვეყანას ორგანიზაციის წევრობასთან.

როგორც ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ნატოს მინისტერიალი საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრით დამთავრდა.

„ნატოს მინისტერიალი საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრით დამთავრდა, სადაც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და ორივე პარტნიორის მიმართ ნატოს უწყვეტი მხარდაჭერა იქნა განხილული.

მინისტრებმა, ასევე, ისაუბრეს ბელარუსსა და მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გამართულ ორდღიანი ვირტუალური შეხვედრების დროს ნატო-ს ადაპტაციასთან, რუსეთის სამხედრო ზრდასთან, შავის ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან, ჩინეთთან და ავღანეთთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

მინისტერიალის მიმდინარეობისას ფაქტს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა. ის  და ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცებას მიესალმა.

„დღეს ჩვენ მეორე სესიაზე შემოგვიერთდნენ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები. ჩვენ მიმოვიხილეთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სიტუაცია, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. რუსეთი განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.

იგი აგრძელებს სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას ყირიმში და სულ უფრო მეტად ათავსებს ძალებს შავი ზღვის რეგიონში. ნატო ამას პასუხობს წარმომადგენლობის გაძლიერებით ხმელეთზე, საზღვაო და საჰაერო სივრცეებში. საქართველო და უკრაინა არიან ნატოს ღირებული პარტნიორები. მათ მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვთ ჩვენს მისიებში. დღეს ჩვენ კვლავ განვაცხადეთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

ჩვენ განვიხილეთ მათი რეფორმების პროგრამები და ვაძლიერებთ ჩვენს პრაქტიკულ მხარდაჭერას. მე მოხარული ვარ, რომ მოკავშირეებმა და საქართველომ დაამტკიცეს ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი, ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერება. მინისტრები შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე რეგიონში არსებული მდგომარეობის ცოდნის გასაუმჯობესებლად და ორივე პარტნიორთან ჩვენი დიალოგის გასაძლიერებლად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

რას ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მინისტერიალთან დაკავშირებით:

“ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველო არის მიწვეული ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ამას მიანიშნებს ასევე ის განხილული თემები, რომელიც გუშინ განვიხილეთ ნატოელ პარტნიორებთან ერთად. ჩვენ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგით დავბრუნდით ნატო-ს მინისტერიალიდან. მოგეხსენებათ, გუშინ იქნა მიღებული ნატო – საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებული ვერსია.

2014 წელს მიიღო საქართველომ უელსის სამიტზე ნატო-ს არსებითი პაკეტი, რომელიც 14 პროგრამისგან შედგებოდა. პროგრამების რაოდენობა კიდევ სამით გაიზარდა და მნიშვნელოვნად გაძლიერდა კომპონენტები, რომელიც არის ამ არსებითი პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს არსებითი პაკეტი მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, გვაახლოვებს ნატო-ს წევრობასთან და მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერების თვალსაზრისით.

გუშინდელ შეხვედრაზე თითქმის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთხმად აღიარა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და ნატო-ში ინტეგრაციის გზა მოიცავს როგორც თავდაცვის სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს ისე პოლიტიკური, ეკონომიკური, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით არსებულ რეფორმებს და ეს იყო კიდევ ერთი აღირება იმ პროგრესისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ევროატლატიკური ინტეგრაციის გზაზე”,- განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდა:

“მინდა მადლობა გადავუხადო და მივულოცო საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს წარმატებული მონაწილეობა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, სადაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გზავნილები იყო გაჟღერებული. რა თქმა უნდა, აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ნატო-ს მყარი მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის გაგრძელების მიმართ, რომელიც გახლავთ ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის თითოეული მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში პროცესის შემდგომ გაღრმავებას. რა თქმა უნდა, მათ პრაქტიკული ნაბიჯებით და გეგმებით მხარი დაუჭირეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, რაც ჩვენთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რამეთუ კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის აღქმული სწორად ჩვენი პარტნიორების და მეგობარი ქვეყნების მხრიდან”,- განაცხადა გახარიამ.

 

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი 1-2 დეკემბერს გაიმართა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share