“თუ მომკლავ, ეგ დაგასრულებს, იფიქრე ამ სიტუაციის მშვიდობიან გადაწყვეტაზე” – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ივანიშვილს

“იფიქრე ამ სიტუაციის ცივილიზებულ და მშვიდობიან გადაწყვეტაზე” – ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. ამის შესახებ მის მიერ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ მიმართვაშია საუბარი.

ძალიან დიდი მადლობა მეუფე ნიკოლოზს თავის ეპარქიაში ჩემს შინაპატიმრობაში გადაყვანის ინიცირებისთვის. მე არაერთხელ ვარ იქ ნამყოფი. მართლაც ჯადოსნური, სიყვარულით და ინტელექტუალური და სულიერი ენერგიით სავსე ადგილია. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ მე არანაირ პატიმრობას არ ავიღებ, მათ შორის შინაპატიმრობას, დაფუძნებულ უსამართლო “განაჩენებზე”.

ჩემი ამოცანაა, მქონდეს საშუალება, ვიყო თავისუფალი და გადავადგილდებოდე საქართველოში, ჩვენს მოქალაქეებს გისოსებიდან და სასამართლოს შუშის მეორე მხრიდან კი არ ვუყურებდე, არამედ ხელს ვართმევდე, მხარზე ხელს გადავხვევდე, თვალებში ვუყურებდე, პირადად ვუსმენდე და ძალღონე არ დავიშურო მათი ამ უბედური მდგომარეობის გადასალახად.

მე ჩამოვედი იმიტომ, რომ მომენატრა ჩვენს ხალხთან ასეთი ურთიერთობა და იმედია, ჩვენს ხალხსა და ჩემს შორის გისოსებს ერთობლივი ძალით გავწევთ გვერდზე და ბადრაგები ვეღარ გაგვყოფენ მე და ჩვენს თანამოქალაქეებს.

ივანიშვილს კი მინდა ვუთხრა, უნდა მიიღოს ორი რეალობა – ერთი, რომ უკვე საქართველოში ვარ და მეორე, რომ დიდხანს გისოსებში ვერ გამაჩერებს და თუ მომკლავს, ეგ დაასრულებს. იფიქრე ამ სიტუაციის ცივილიზებულ, მშვიდობიან და ყველასათვის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადაწყვეტაზე, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share