გირჩი – მეტი თავისუფლება პოლიციელის ძალადობაზე: რეაგირება არ უშველის, სისტემაა შესაცვლელი

გირჩი – მეტი თავისუფლება ეხმაურება ვიდოს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ სცემს პოლიციელი მოქალაქეს.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარს რეაგირება არ უშველის და “სისტემაა შესაცვლელი”.

“დღეს გავრცელებულ კადრებში ვნახეთ პოლიციელი, რომელიც შშმ პირზე ფიზიკურად ძალადობს. მას ახლავს მეორე პოლიციელიც, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს და არაფერს აკეთებს მის შესაჩერებლად. შეუძლებელია ამ ფაქტს გამართლება ჰქონდეს. პოლიციელი ელოდება როდის აივლიან ესკალატორს, რათა მალულად, ოთახში შეძლოს „მისი ალაპარაკება“, რადგან ეუბნებიან, რომ ბიჭი ყრუ-მუნჯია.

საინტერესოა, რომ არა მესამე პირის მიერ გადაღებული და გავრცელებული ვიდეო, როგორ შეიფუთებოდა ეს ქეისი დღევანდელ სასამართლოში. იმ სასამართლოში, სადაც მოწმედ ორი “სანდო” პოლიციელის ჩვენებაც საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად. წარმოიდგინეთ, რას აკეთებს სისტემა იქ, სადაც მესამე პირი კამერით არ იღებს? ეს ბიჭი რომ მარტო ყოფილიყო, ან მის ნაცვლად თქვენ ან თქვენი შვილი ყოფილიყავით? რეაგირება ამას არ უშველის, სისტემაა შესაცვლელი და ამის გამკეთებელი ოცნება არაა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის მეტროშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქმეზე მოკვლევა დაიწყეს.

მომხდარზე გამოძიება პოლიციელის მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც დაიწყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share