“მიხეილ სააკაშვილმა ძალადობა ხელოვნებად აქცია..გაკვირვებული ვარ, რამ გამოიწვია ამხელა აჟიოტაჟი” – ასე ეხმაურება მსახიობი ზურაბ ყიფშიძე ერთ-ერთ მეტროსადგურში პოლიციის მიერ არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის ფაქტს გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუს დროს:
“საშინელება იყო, ადამიანებო, ეს რა ვნახე… გენაცვალე, კარგი პატრულიც გვყავს, ცუდიც, ისევე, როგორც ყველგან და ყველაფერშია კარგი და ცუდი, მაგრამ ამ წუთას კარგს რა მათქმევინებს?! ეს ცემა-ტყეპა ისეთი საშინელება იყო, არ ვიცი, რა ვთქვა! ადამიანის ცემას რომ უყურებ, ისედაც საშინელებაა, მაგრამ ის, რომ იცი, ადამიანი ავად არის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს თუ კაცს ასე გამეტებით ურტყამენ, საერთოდ ჭკუიდან გადახვალ…
თუმცა ამდენად დიდი აჟიოტაჟი რომ გამოიწვია, ამაზეც გაკვირვებული ვარ… ეს ცემა-ტყეპა არაფერია იმასთან შედარებით, ისეთი ცემა იციან და იცოდნენ ყოველთვის პოლიციაში. კომუნისტების დროს რომ იყო და მერეც, მიხეილ სააკაშვილმა, საერთოდ, ხელოვნებად აქცია.
რაც ადამიანი გაჩნდა, სულ ძალადობა არ არის მას მერე?! ადამიანი სულ ვიღაცას ჩაგრავს, ესვრის, კლავს… დრამატურგია, ლიტერატურა სულ მაგას გვიყვება, რომ ადამიანები არ არიან მთლად კარგები. ცუდები არიან და ზოგჯერ – ცხოველებიც!
სააკაშვილის დროს ძალადობა კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა, რადგან იცოდნენ, რომ ადამიანზე ზემოქმედება ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ასე შემდეგ, თავის შედეგს გამოიღებდა… ხომ გახსოვთ – ნულოვანი ტოლერანტობაო…
ადამიანი ტკივილს ვერ იტანს ან ცოტა პერიოდი იტანს და მერე ვეღარ…
ასეა, პოლიციაში თუ აღმოჩნდები, ცემა არ აგცდება… ზოგს წინასწარ სცემენ, რომ ათქმევინონ რამე, ზოგს – მერე… ეს არა და არ მოიშალა და არც მოიშლება, ალბათ… უბრალოდ, როცა ასეთ ბავშვს ასე ეპყრობიან, ეს კიდევ ათასმაგად შემზარავია… გაჭირვების გამო შეიძლება ადამიანმა რამე დანაშაული ჩაიდინოს, კი, ბატონო, დაიჭირე, პასუხი მოთხოვე, მაგრამ – ასე მოექცე?! თან საშინლად არის გადაღებული, ნაჩვენები… ხალხს კიდევ ეს უნდოდა?! ტელევიზიით რომ ვუყურე, გეფიცებით, ვკიოდი…” – აცხადებს ზურაბ ყიფშიძე.