ზურა გირჩი ჯაფარიძე იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურშიც ადასტურებენ. ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ დატოვებს პარტიას, გაიყოფა თუ არა პარტია და ვინ დარჩება თავად გირჩში.
“მოლაპარაკებები მიდის. ერთადერთი ის არის დაზუსტებული, რომ ეს 4 ადამიანი არ გააგრძელებენ თანამშრომლობას ერთ პარტიაში. აწი რა მოხდება, ყველაფერი ახლა წყდება”, – განუცხადეს ფორმულას პარტიაში.
ჯაფარიძემ თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში, “გირჩის ბაბლშიც” დაწერა:
“სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას.
ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო”, – წერს ჯაფარიძე.
ჯაფარიძე ხვიჩიას Facebook პოსტს გულისხმობს, რომელშიც ხვიჩია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა, სარგებლობის მუხლით პირის დაკავების გამო აკრიტიკებდა.
“პორნო გადმოწერა, დაასეივა ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“, – წერდა ხვიჩია.
ხვიჩიას პოსტს სოციალურ ქსელში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.
იაგო ხვიჩიას განცხადების შემდეგ ჯაფარიძე რამდენიმე დღის განმავლობაში საკითხზე პოზიციას საჯაროდ არ აფიქსირებდა.
სხვა ადამიანების მსგავსად, გუშინ თავად ხვიჩიამაც დაწერა, რომ ჯაფარიძეს ამდენად რეზონანსულ საკითხზე პოზიცია აუცილებლად უნდა დაეფიქსირებინა.
ხვიჩიამ თქვა, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც, მისი თქმით, მას ლანძღავდა, ჯაფარიძის მეგობრები და დამფინანსებლებიც იყვნენ.
გუშინ Zoomer-ში ამომრჩევლების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე, ჯაფარიძეს ხვიჩიას განცხადების შესახებ კითხვა დაუსვეს, თუ როდის შეიცვლებოდა სიტუაცია პარტიაში და როდის ექნებოდათ პარტიის სხვა ლიდერებს იაგოს “მსგავს” განცხადებებზე ადეკვატური რეაქცია.
კითხვის საპასუხოდ ჯაფარიძემ თქვა, რომ იაგოს პოზიციას არ იზიარებდა, თუმცა არა განცხადების შინაარსის გამო. მას ასევე თქვა, რომ პარტიაში რაღაცები შეიცვლებოდა.
“კი რაღაცებს შევცვლით. მე არ ვარ მაგის მომხრე, რომ რამე თემაზე ვინმემ თავი შეიკავოს. ფუნდამენტურად არასწორი მგონია, მაგრამ ფორმას გააჩნია. როდესაც ასეთ კონტრავერსიულ თემას ეხები, როგორ გადმოსცემ საკუთარ აზრს და მინიმუმ ის უნდა გაითვალისწინო, როდესაც ასე რაღაცას ზერელედ სამი წინადადებით აგდებ და ამას მოყვება აფეთქება და გინება ყველა მხრიდან, მერე რაც არ უნდა ცადო, რაღაცების ახსნა, უნდა გესმოდეს, რომ ამითი სერიოზული ზიანი მოადგა უკვე გირჩს“, – თქვა გუშინ ჯაფარიძემ.