პატიმრის მონახულება არის 7 ხორციელი მოწყალების საქმიდან ერთ-ერთი – მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტი მეუფე ნიკოლოზმა მოინახულა. მისი თქმით, საუბარი სხვადასხვა თემებს, მათ შორის მეგობარ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს შეეხო. მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი წუხს, უკრაინაში ომი არ დაიწყოს.

მეუფე ნიკოლოზს სხვა თემები მედიასთან არ დაუკონკრეტებია.

“მე მოვინახულე, ესე რომ ვთქვათ, რაც დღეს გავაკეთე, ამას ჰქვია პატიმრის მონახულება, მოვინახულე უბრალოდ, იმიტომ, რომ სახარებაში პირდაპირ გვიწერია, რომ პატიმრის მონახულება ეს არის შვიდი ხორციელი მოწყალების საქმიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ჩემი პირდაპირი მოვალეობა, რადგან შემიძლია მივიდე, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, როდესაც შევძლებ მე თვითონ და მოვახერხებ და მოვინახულო, ამიტომ, ეს არის ჩემი ვალდებულება და ვაკეთებ ამას და მივდივარ. დღეს ამჯერად რაც გავაკეთე, იყო ჩვეულებრივი, რიგითი მონახულება, შევხვდით, ვისაუბრეთ ბევრ სხვადასხვა საკითხზე”, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი წინა ვიზიტთან შედარებით უფრო მშვიდად გამოიყურებოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share