ჩაშლილი შეთანხმება – რა წერია „ოცნების“ მიერ შედგენილ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში

„ქართული ოცნება“ და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდა. „ქართული ოცნების“ მიერ შედგენილ უკრაინისადმი მხარდასაჭერი რეზოლუციის ტექსტში რუსეთი არ არის ნახსენები.

სადავო იყო ტექსტის ფორმულირება რუსეთის, NATO-ს შესახებ და ასევე ტექსტის სათაურიც.

„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული რეზოლუციის ტექსტს „ფორმულა“ ავრცელებს:

„უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ

საქართველოს პარლამენტი – ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს; მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას; ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის საზღვრების ურღვეობისა და ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებისა; გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონული მშვიდობასა და უსაფრთხოებას;

აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია; მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი;

სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში.“

მასალის გამოყენების პირობები

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share