თბილისის საქალაქო სასამართლოში ბესიკ თამლიანის საქმის განხილვა დღეს განახლდება. სამოქალაქო აქტივისტი გასული წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართული აქციის შემდეგ დააკავეს, სადაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
თამლიანი პროტესტის ნიშნად მანდატურებისთვის განკუთვნილ ჯიხურზე ავიდა, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით პლაკატი და უკრაინის დროშა გაშალა. საპასუხოდ პოლიციამ მისი ჯიხურიდან ჩამოგდება სცადა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ბესიკ თამლიანი ბრალს არ ეთანხმება. პროტესტის ნიშნად მან შიმშილობაც დაიწყო.
“როგორც 20 ივნისი იყო, ესეც 9 თვე ალბათ გაგრძელდება და ბრალს მაინც ვერ დაუმტკიცებენ, იმიტომ, რომ ჩემი შვილი დროშას აფრიალებდა იქ. არანაირი დადებითი მოლოდინი მე ამ სისტემიდან არ მაქვს. კარგს არაფერს ველი”, – ამბობს დაკავებულის დედა, რუსუდან თამლიანი.
საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობს სამოქალაქო აქტივისტის ადვოკატი. თეონა ქორიძე ამბობს, რომ დაცვის მხარეს უამრავი მოწმის ჩვენება აქვს, რომლითაც ბესიკ თამლიანის უდანაშაულბა დასტურდება.
“პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, რომ ჩაიდინა თავდასხმა ან ხელის შეშლა პოლიციელის მიმართ. არის კადრები, რომელიც ნაჩვენები იქნა ტელეეთერების მეშვეობით. ჩვენ გვაქვს უამრავი მოწმის ჩვენება, რომელიც ადასტურებს, რომ ის სრულიად მშვიდობიანად იმყოფებოდა. ასევე, გაგვაჩნია კადრები, რომელიც ნათლად ასახავს ბესიკ თამლიანის კეთილგანწყობას”, – თქვა თეონა ქორიძემ.