27 იანვარს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს

27 იანვარს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის – წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს – წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს – მისი გარდაცვალების დღეს. წმინდა ნინოს ქართველთა განმანათლებლად და საქართველოს ციურ მფარველად მიიჩნევენ.

ნინოს მამა იმპერატორ მაქსიმიანეს მხედართმთავარი ყოფილა. შემდეგ მას სამსახურისთვის თავი დაუნებებია და იერუსალიმში წასულა, სადაც შეურთავს იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის და სუსანა. ბოლოს ბერად აღკვეცილა, დედა კი გლახაკთა სამზრუნველოს მსახური გამხდარა. იერუსალიმიდან ნინო იმპერატორ კონსტანტინე I-ის კარზე მოხვედრილა, სადაც დედოფალ ელენესა და სეფე ქალებს ქრისტიანობას უქადაგებდა. შემდეგ ნინო საქართველოში წამოსულა. მცხეთაში, თავის სადგომში, სალოცავად აღუმართავს ვაზის ტოტისგან (“ნასხლევისაგან”) გაკეთებული ჯვარი. ქადაგებებითა და სამკურნალო ხელოვნებით ნინოს მოსახლეობის ყურადღება და სიყვარული დაუმსახურებია. მას მეტსახელად “ტყვესაც” ეძახდნენ, როგორც უცხოელ, უთვისტომო ადამიანს. ნინოს წყალობით მცხეთაში ქრისტიანობას მრავალი მიმდევარი გასჩენია. მცხეთაში მისვლიდან მეექვსე წელს ნინომ გააქრისტიანა ქართლის დედოფალი ნანა, ხოლო შემდეგ მეფე მირიანი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები.

ამის შემდეგ, ნინოს რჩევით, მეფემ მოციქულები გაგზავნა იმპერატორ კონსტანტინესთან სამღვდელოების ჩამოსაყვანად, რათა ხალხი მოენათლათ და ეკურთხებინათ ახლად აგებული ეკლესია. ნინოს მისიონერული მოღვაწეობა განუგრძია ქართლის სამეფოს სხვა კუთხეებშიც. ერისთავის, სამღვდელოებისა და ჯარის თანხლებით ნინო მთიანეთშიც ასულა და წილკნელები, ჭართალელები, ფხოველები და ერწო-თიანეთელებიც გაუქრისტიანებია. უკან დაბრუნებისას ავად გამხდარა და სოფელ ბოდინში (ახლანდელი ბოდბე) გარდაიცვლილა, სადაც დაუკრძალავთ კიდევაც.

ბოდბის სამონასტრო კომპლექსში, მის საფლავზე, როგორც საფლავის ძეგლი, დგას წმინდა გიორგი ძლევამოსილის და წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი – IX საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. წმინდა ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი კი თბილისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ინახება. ყოველწლიურად, ზაფხულში, ახალგაზრდობის დიდი ჯგუფი საქართველოს განმანათლებლის, მოციქულთა სწორის კვალდაკვალ გზას მიჰყვება. მარშრუტი სრულად შეესაბამება იმ გზას, რომელიც წმინდანმა საქართველოსკენ გამოიარა.

მხოლოდ საქართველოს დედაქალაქში წმინდა ნინოს სახელობის ხუთი ტაძარია, სადაც ნინოობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება. საზეიმო წირვა ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ტარდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share