რუსეთსა და გერმანიას შორის “Nord Stream 2”-ის მილსადენის პროექტი წინ ვეღარ წავა, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება – ამის შესახებ განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა NPR-თან ინტერვიუში გააკეთა.
“მინდა ვიყო ძალიან მკაფიო: თუ რუსეთი ამა თუ იმ გზით შეიჭრება უკრაინაში, “ჩრდილოეთის ნაკადი 2″ წინ არ წავა. მე არ ვაპირებ დეტალებში ჩასვლას, ჩვენ ვიმუშავებთ გერმანიასთან, რათა ის წინ აღარ წავიდეს”, – განაცხადა პრაისმა.
მას არ დაუკონკრეტებია, დათანხმდა თუ არა ამას გერმანია. ამასთან, უცნობია, ამერიკის მიერ დასახელებული შესაძლო ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მოიცავს თუ არა ამ მილსადენის პროექტს.
გერმანიის მთავრობა წინა კანცლერის პერიოდში ამტკიცებდა, რომ მილსადენი წმინდა კომერციული პროექტი იყო, ამჟამინდელმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა კი მას “კერძო სექტორის პროექტი” უწოდა.