სანატორიუმ ,,ქართლში” ჩასახლებულ დევნილთა ნაწილი საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილეს

დევნილთა სააგენტომ სანატორიუმ „ქართლში“ ჩასახლებული 9 ოჯახი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყო. მათ ქვემო ფონიჭალაში 5 სართულიან კორპუსში მისცეს ბინები.

თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში, ბინა ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ 9 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა. ასევე, იძულებით გადაადგილებულმა 7-მა ოჯახმა, განსახლების ალტერნატიული მოდელი აირჩია და თავად მოიძიეს საცხოვრებელი ფართები, რომლებსაც სააგენტო შეუსყიდის.

ამ ეტაპზე, იძულებით გადადგილებულ ოჯახებს, სამოთახიანი და ოროთახიანი ბინები ჩაბარდა. აღნიშნული საცხოვრებელი ფართები სააგენტომ, გაცემული დაპირების შესაბამისად, პირველივე შესაძლებლობისთანავე, სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შესთავაზა. განსახლების პროცესი დაწყებულია და 2022 წელს, ეტაპობრივად, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებლი ფართით უპირობოდ დაკმაყოფილდება აღნიშნულია დევნილთა სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დევნილთა სააგენტო სთავაზობს სანატორიუმ ,,ქართლში” ჩასახლებულ პირებს, თბილისში ბინები თავად მოიძიონ. უწყება მათ კვადრატულ მეტრში 550 დოლარის ექვივალენტს ლარში გადაუხდის. აგრეთვე, დევნილებს აქვთ საშუალება, გადავიდნენ ქირით საცხოვრებლად, სანამ მათთვის შეძენილი ბინები არ აშენდება. ქირის ფულს სახელმწიფო გადაიხდის.

ის დევნილები, რომლებიც საცხოვრებელი ფართით არ დაკმაყოფილდნენ, პრობლემის მოგვარების მიზნით ხვალ 11 სათზე ჯანდაცვის სამინისტროში მისვლას გეგმავენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share