„იმდენი მხარდამჭერი გამოუჩნდა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის სრულიად სამარცხვინო და უვარგის ტექსტს, რომ სერიოზულად დავფიქრდი, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი,”- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ფაქტის მხოლოდ ხელისუფლების მხარდაჭერით ახსნა არასწორია და მიზეზების ძებნა სხვაგანაა საჭირო.
„ერთის მხრივ გასაგებია, რომ ბიძინას პუტინის ეშინია და ისე უნდა უკრაინის მხარდაჭერა გამოთქვას, რომ არ აწყენინოს რუსეთს; კობახიძე-მდინარაძეებს კი ამ შეუსრულებელი მისიის ტექსტუალური აღსრულება აქვთ დავალებული, რისი შედეგიცაა ეს საცოდაობა ტექსტი. მაგრამ ეს ყველაფერი არანაირად არ ხსნის იმას, თუ რატომ უჭერს მხარს მსგავს საცოდაობას თუნდაც ამ ხელისუფლების მხარდამჭერი ადამიანი, რომელსაც თითქოს არ შეიძლება არ ესმოდეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის უკრაინის მიმართ ცალსახა მხარდაჭერა, მაგრამ შენც არ მომიკვდე, მომდგარან და თავგამოდებით აპრავებენ, „- წერს ანალიტიკოსი.
მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ადამიანების გარკვეული კატეგორიისათვის, უკრაინა მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდება და უკრაინის მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერასთან.
„ახლა, რაშია საქმე ჩემი მოკრძალებული აზრით. შთაბეჭდილება მრჩება, რომ საკმაოდ ბევრისთვის ეს არის არა მხოლოდ უკრაინა-რუსეთის, ან რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირება, არამედ ყველაფერ ამას აქვს თავისი ქვეტექსტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს დაპირისპირების მიმართ დამოკიდებულებას. კერძოდ, უკრაინა ამ ხალხისთვის ასოცირდება მიხეილ სააკაშვილთან და ნაცებთან, ხოლო პუტინი, როგორც ცნობილია, ორგანულად ვერ იტანს სააკაშვილს. აქედან გამომდინარე, უკრაინის მხარდაჭერა ასოცირდება ნაცების მიმართ მხარდაჭერასთან., ხოლო პუტინის წარმატება, ნაცებისვე მარცხთან. მეორეს მხრივ იგივე ეს ხალხი, მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, ვერაფერს უხერხებს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის და ოკუპაციის ფაქტს, ესმით, რომ რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის საფრთხეა და მის მხარდაჭერაც არ უნდათ. ჰოდა, რა ქნან ახლა და რა წყალში გადავარდნენ? არც უკრაინის (ანუ ნაცების) მხარდაჭერა უნდათ, არც ოკუპაცია და უბედურება და არიან ამ გაუგებრობაში. რეზოლუციის სტერილურ-გამოშიგნული ტექსტი კი, როგორც იტყვიან, პირდაპირ აკვდება ამ განწყობას – თან უკრაინის მხარდაჭერაა, თან არ არის. თან რუსეთის წინააღმდეგაა, თან არ არის რუსეთის წინააღმდეგ, აი ასე ვცხოვრობთ და თუ ვინმე აქ დასვამს შეკითხვას, რა ეშველება ამ ამბავსო, მე პირადად არცთუ ოპტიმისტური პასუხი პასუხი მაქვს: არაფერი. სანამ ეს ნაც-ქოცი თაობა არ გადაშენდება, მანამდე რაღაც დოზით სულ ვიქნებით ამ მარაზმში,”- წერს დავით ზურაბიშვილი.