“გურიაში ფეხბურთელს ექნება ყველა პირობა, რომ იფიქროს მხოლოდ ფეხბურთზე!..”

ლანჩხუთის “გურია” მომავალ სეზონში ამბიციური გუნდი იქნება. იყო დრო, იქ საფეხბურთო ვნებები დუღდა და გადმოდუღდა – საბჭოეთის პირველობის უმაღლეს ლიგაში გამართულ არაერთ დასამახსოვრებელ თამაშს რომ თავი დავანებოთ, ეროვნული ჩემპიონატის პირველ წლებში გურულები მეტად ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ ქართულ ფეხბურთში. მერე კი ბევრი სუბიექტური და ცოტაც ობიექტური მიზეზის გამო, “გურია” იშვიათად ახარებდა ერთგულ ქომაგებს…

გიორგი ონიანს ქართველი ქომაგის წინაშე წარდგენა არ სჭირდება. თავის დროზე შესანიშნავი ფეხბურთელი გახლდათ – იყო რუსთავის “ოლიმპისა” და “ზესტაფონის” ლიდერი, დასამახსოვრებელი მატჩები ჩაატარა გორის “დილასა” და ქუთაისის “ტორპედოში”. ითამაშა გერმანიაში. უფრო მეტსაც შეძლებდა, მაგრამ მძიმე ტრავმამ ნაადრევად ჩამოაშორა აქტიურ ფეხბურთს…

ონიანი  სამწვრთნელო “ახალი ტალღის” ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. “გურიაში” მეორედ დაბრუნდა გასული სეზონის მიმდინარეობისას , გუნდს ლიგა 3-ში ადგილი შეუნარჩუნა და ახლა მეტის მიღწევა სურს. მისი თქმით, “გურია”, სავარაუდოდ, 1 თებერვლისთვის დაიწყებს მზადებას ახალი სეზონისთვის:

“გვინდა, მზადება 1 თებერვალს დავიწყოთ, მაგრამ გარკვეული სამუშაოებია ჩასატარებელი და, შესაძლოა, მზადების დაწყებამ ორიოდე დღით გადაიწიოს. თუმცა ამას ახლა არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ახალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ”, – ამბობს ონიანი.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ “გურიამ” კარგი შედეგებიც აჩვენოს და ძველი იმიჯიც დაიბრუნოს:

“კლუბის ხელმძღვანელობა გვერდში გვიდგას. რაიონის მესვეურებსაც უნდათ, რომ “გურიამ” თანდათან დაიბრუნოს ძველი პოზიციები. რა თქმა უნდა, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ვერ გაკეთდება. გვინდა, წინ თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ.” – აცხადებს ონიანი.

“გურია”  უახლოეს მომავალში რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

წყარო: ლელო

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share