ქვეყნის მასშტაბით, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 125-მა მასწავლებელმა გამოთქვა.
ამასთან, უწყების ცნობით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მოსწავლეებს სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა კვლავ აქვთ.
„ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში ვირუსის მართვაზე კონტროლი მაქსიმალურად მკაცრად მიმდინარეობს. შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად სკოლები ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. სწორედ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 125-მა მასწავლებელმა გამოთქვა.
ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებელთა 2,7%-ს და მოსწავლეების 0,9%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%.