ფოთში, ახალი საზღვაო ნავსადგური გახსნის ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრები, ასევე პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები ესწრებიან.
ახალი ნავსადგურის მშენებლობა “პეის ჯგუფისა” და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.
ახალი ნავსადგური საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტებს შორის აქამდე რეალიზებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მისი ღირებულება 120 მილიონ დოლარს აღწევს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC) ნავსადგურის მშენებლობის პროექტი 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა, რაც ამ ორგანიზაციის მიერ ერთ პროექტზე გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში.
ნავსადგურის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდა 93 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, აშენდა მასშტაბური ჰიდროტექნიკური ნაგებობები და მოეწყო თანამედროვე საპორტე ინფრასტრუქტურა:260 მეტრი სიგრძის ნავმისადგომი; არსებულ ტალღმჭრელ მოლოებს ჩაუტარდა სრული რეკონსტრუქცია; ახალი ნავსადგურის აკვატორიიდან ამოიღეს 1.5 მილიონი კუბური მეტრი ნატანი ქვიშა. აკვატორია დაღრმავდა 13 მეტრამდე; 50 000 ტონა ტევადობის დახურული ტიპის საწყობი, რომელიც აღჭურვილია ევროპული წარმოების დაცლა-დატვირთვის ავტომატიზებული სისტემებით; 6 ჰექტარზე მოეწყო ღია სასაწყობო მოედნები; სპეციალურად დამზადდა და ნავმისადგომზე დამონტაჟდა ორი ახალი პორტალური ამწე, თითოეული 100 ტონა ტვირთამწეობით.
პროექტის შემდგომი გაფართოება, რომლის ღირებულება 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, დამატებით 230 მეტრი სიგრძის ღრმაწყლოვანი (13მ) ნავმისადგომის მშენებლობას ითვალისწინებს. ნავმისადგომზე თანამედროვე საპორტო მანქანა-დანადგარები: კონვეიერული სისტემა და ჩამოტვირთველი მანქანა (shiploader) განლაგდება.
ნავმისადგომი და ახალი ნავსადგურის ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა მოემსახუროს მსხვილტონაჟიან გემებს, რომელთა ტვირთამწეობა 50 000 ტონამდეა. პორტი დაამუშავებს როგორც მშრალ, ნაყარ და გენერალურ ტვირთებს, ასევე კონტეინერებს.
პროექტის სრულად დასრულების შემდეგ საქართველოს ერთიანი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა 3.5 მილიონი ტონით გაიზრდება.
“ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური” მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის საპორტო სიმძლავრეებს, ტრანზიტულ პოტენციალს და გააჩენს შესაძლებლობას, საქართველოს სატრანსპორტო დერეფნებზე გადმომისამართდეს ახალი ტვირთები.